გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიების მონაწილეებს მიმართა
გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიების მონაწილეებს მიმართა

სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე – „ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა, მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროპის, ცენტრალური აზიისა და ამერიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, მიროსლავ იენჩამ.

როგორც მან აღნიშნა, გაერო-ს უშიშროების საბჭომ აღიარა ახალგაზრდების არსებითი როლი კონფლიქტების პრევენციასა და მოგვარებაში, ეფექტური და სამართლიანი ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფაში.

„დიდი სიამოვნებით გიზიარებთ ამ გზავნილს მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა,  მოგმართოთ თქვენ, ქართველ ახალგაზრდებს. ახალგაზრდობა როგორც საქართველოში, ისე ყველგან არის მომავალი მდგრადი მშვიდობის მშენებლობისთვის, ადამიანის უფლებების დასაცავად და კავშირების დასამყარებლად გამყოფი ხაზების გასწვრივ, ჩვენი დროის კლიმატური კრიზისების, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად. ახალგაზრდობა არის ენერგია, ემოცია და ცვლილებებისკენ სწრაფვა და ეს ყოველივე დღეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

ბევრი თვალსაზრისით, ამის შესახებ ცნობიერება იზრდება. გაერო-ს უშიშროების საბჭომ აღიარა ახალგაზრდების არსებითი როლი კონფლიქტების პრევენციასა და მოგვარებაში, ეფექტური და სამართლიანი ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფაში.

ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მეშვეობით გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ცდილობს, უზრუნველყოს, რომ მნიშვნელოვანი საკითხები და ახალგაზრდების პერსპექტივები იყოს ინტეგრირებული ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ. მიუხედავად ამისა, კვლავ ბევრი დაბრკოლებაა. იმისათვის, რომ ახალგაზრდების ხმა ისმოდეს, საჭიროა, სტრუქტურული ბარიერების მოხსნა. ახალგაზრდები უნდა იყვნენ ჩართულები, გაძლიერებულები და აღჭურვილნი იმ ინსტრუმენტებით, რომლებიც აუცილებელია პროცესებში მათი სრულყოფილი მონაწილეობისთვის და იმ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად, რომლებიც მათ და მთლიანად კაცობრიობას ეხება.

გთხოვთ, შემომიერთდეთ და ერთად ვიზეიმოთ ახალგაზრდობის, მშვიდობისა და, უპირველეს ყოვლისა, იმედის დღე. გილოცავთ, მშვიდობის საერთაშორისო დღეს!“ – განაცხადა მიმართვისას მიროსლავ იენჩამ.

ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.