მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა შაჰიდი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტად აირჩიეს.
გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერიშის განცხადებით, აბდულა შაჰიდის ხანგრძლივმა დიპლომატიურმა გამოცდილებამ, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, მას საშუალება მისცა, გაეცნობიერებინა მულტილატერალიზმის როლი მსოფლიოში დღეს არსებული გამოწვევების ფონზე.
გაერო-ს გენერალური ასამბლეა ამ ორგანიზაციის მთავარი სათათბირო ორგანოა, სადაც ყველა წევრი სახელმწიფო (193) არის წარმოდგენილი. თითოეულ მათგანს ხმის მიცემის თანაბარი უფლება აქვს.
გენერალური ასამბლეის მოწვევა ყოველწლიურად ხდება. გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი ასევე ყოველწლიურად აირჩევა. ამჟამად, ამ პოზიციას 2020 წლის 16 სექტემბრიდან თურქი დიპლომატი ვოლქან ბოზქირი იკავებს. მას აბდულა შაჰიდი ჩაანაცვლებს.