ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - უარვყოფთ გაერო-ს გენერალური ასამბლეის საზიზღარ მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ისრაელი აპირებს „ჰამასის“ ლიკვიდაციას
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას „ტვიტერის” საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„ჩვენ პირდაპირ უარვყოფთ გაერო-ს გენერალური ასამბლეის საზიზღარ მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ისრაელი აპირებს „ჰამასის“ ლიკვიდაციას ისევე, როგორც მსოფლიო მოიქცა ნაცისტებთან და ე.წ ისლამური სახელმწიფოსთან”, – განაცხადა ელი კოენმა.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს. დოკუმენტი ასევე მოითხოვს, რომ ყველა მხარემ დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონები და ღაზის სექტორში მყოფი სამოქალაქო პირებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტებისა და სერვისების მიწოდება იყოს „უწყვეტი, საკმარისი და დაუბრკოლებელი”. რეზოლუციაში ასევე არის მოწოდება, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს ყველა მძევალი. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში ერთხელაც არ არის მოხსენიებული მოძრაობა „ჰამასი”, რამაც ისრაელის უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია.