გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამა გურიას კლიმატ-ნეიტრალური მწვანე რეგიონის სტატუსის მიღწევაში დაეხმარება
გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამა გურიას კლიმატ-ნეიტრალური მწვანე რეგიონის სტატუსის მიღწევაში დაეხმარება. პროექტის – „გამჭვირვალობის ინტეგრირებული ჩარჩო საქართველოში პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად“ ფარგლებში ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ინფორმაციას გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორმა, სოფიკო ახობაძემ.
„მემორანდუმის ხელმოწერით, საფუძველი ჩაეყარა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გარემოს გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომლის ფარგლებში, შემუშავდება და ეტაპობრივად განხორციელდება რეგიონისთვის სასარგებლო ევროპული, კლიმატგონივრული განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი – მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმა.
შეთანხმების მთავარი მიმართულებაა ქალაქ ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა კლიმატგონივრული პოლიტიკის შემუშავების პროცესში, რომელშიც რეგიონის მკვიდრთათვის მნიშვნელოვანი საკითხები იქნება გათვალისწინებული და შექმნის შესაძლებლობებს დონორების მობილიზაციისათვის. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ასევე გაფორმდა ქალაქ ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერებთან.
შეხვედრაზე ზურაბ ნასარაიამ ისაუბრა გურიის რეგიონის პოტენციალზე, გახდეს საქართველოში პირველი კლიმატ-ნეიტრალური მწვანე რეგიონი და გამოთქვა მზადყოფნა, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას“, – ნათქვამია გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.