გაერო-ს ცნობით, ღაზის სექტორში, ლტოლვილთა ბანაკში მდებარე სკოლაზე საჰაერო თავდასხმის დროს სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორში, ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკში, სკოლის შენობაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს – ამის შესახებ ინფორმაციას „გაერო-ს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტო პალესტინელი ლტოლვილებისთვის“ ავრცელებს.
გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, დაშავებულია ათეულობით ადამიანი და მათი რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება.
„ეს აღმაშფოთებელია და კიდევ ერთხელ გამოხატავს უხეშ უგულებელყოფას მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის მიმართ. ღაზაში არცერთი ადგილი აღარ არის უსაფრთხო, არც გაერო-ს ობიექტები. სულ მცირე 4 000-მა ადამიანმა შეაფარა თავი სკოლაში მოწყობილ თავშესაფარს. მათ არ ჰქონდათ და არ აქვთ სადმე წასასვლელი“, – ნათქვამია განცხადებაში.
გაერო-ს სააგენტოს ინფორმაციით, სკოლის შენობა ისრაელის ავიაიერიშების დროს დაიბომბა.