გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი - ქვეყანაში არსებული ყველა ინსტიტუცია შესაბამისობაში უნდა იყოს ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან
ბავშვები ინსტიტუციებიდან, მათ შორის ნინოწმინდიდან, ბიოლოგიურ ოჯახებში უნდა დაბრუნდნენ, თუკი ასეთი ოჯახი არ გვყავს, უნდა მოვიძიოთ ის ოჯახი, რომელიც იშვილებს ბავშვს, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„გადაწყვეტილება იყო უმაღლესი პრიორიტეტის მინიჭება თითოეული ბავშვის საუკეთესო ინტერესისთვის. ამას ადასტურებენ სამინისტროც, საპატრიარქოც, იუნისეფიც და „ვორლდ ვიჟენიც“. თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს ოჯახური გარემო. ბავშვები ინსტიტუციებიდან, მათ შორის, ნინოწმინდიდან ბიოლოგიურ ოჯახებში უნდა დაბრუნდნენ. თუკი ასეთი ოჯახი არ გვყავს, მაშინ უნდა მოვიძიოთ ის ოჯახი, რომელიც იშვილებს ბავშვს. ნინოწმინდასთან დაკავშირებით, სამინისტროც გეტყვით, რომ ყოველდღიურად ბავშვები საკუთარ ოჯახებს მიჰყავთ. ეს პოზიტიური ამბავია. თუმცა, მნიშვნელოვანია იუნისეფისთვის, რომ ეს პროცესი ერთ ინსტიტუციაზე არ გაჩერდეს, ქვეყანაში არსებული ყველა ინსტიტუცია შესაბამისობაში უნდა იყოს ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, განსაკუთრებით კი, საპატრიარქომ და ქართულმა საზოგადოებამ ოჯახი ქვაკუთხედად მიიჩნიოს“, – აღნიშნა ღასან ხალილმა.