გაერო-ს ბავშვთა ფონდი - მივესალმებით საქართველოში ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღებას
გაერო-ს ბავშვთა ფონდი უმნიშვნელოვანეს მიღწევას უწოდებს საქართველოს პარლამენტის მიერ ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღებას და აცხადებს, რომ აღნიშნულ კოდექსს ექნება გრძელვადიანი ეფექტი საქართველოში მცხოვრები ბავშვების ცხოვრებაზე.
ფონდის განცხადების თანახმად, კოდექსი შემუშავდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ გაერო-ს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით. მისი შემუშავების პროცესში კონსულტაციებში აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა პროფესიონალები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ასევე ახალგაზრდები.
„ბავშვის უფლებათა კოდექსი ხელს უწყობს ისეთი სახელმწიფო სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის კეთილდღეობას და დაცვას. კოდექსი ერთგვარი ქოლგა დოკუმენტია, სპეციალური კანონი, რომელიც აერთიანებს ყველა მთავარ პრინციპს, რომელიც გადამწყვეტია ბავშვის კეთილდღეობისთვის. კოდექსი განსაზღვრავს ყველა სახელმწიფო სააგენტოს, ადგილობრივი მთავრობების, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების, სასამართლოების, საჯარო და კერძო ორგანიზაციების და პირების საქმიანობას, როცა ისინი გადაწყვეტილებას იღებენ ბავშვთან დაკავშირებულ საკითხზე. ყველა არსებული კანონი და რეგულაცია შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამ დოკუმენტთან და უნდა შეიქმნას და დაიხვეწოს მისი განხორციელებისთვის საჭირო მექანიზმები. კოდექსი ასევე ქმნის გარანტიებს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების მონაწილეობას ყველა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც მათ ეხებათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
გაერო-ს ბავშვთა ფონდი ასევე აცხადებს, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღება მნიშვნელოვანი მომენტია თითოეული ბავშვისთვის საქართველოში.
„მე ვულოცავ ბავშვებს ამ ისტორიულ მოვლენას. ეს კოდექსი არსებითი ინსტრუმენტია, რომელიც თითოეული ბავშვისთვის ყველა უფლების მიღების გარანტიაა. კოდექსი მოიცავს მთავარ პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავს ბავშვების კეთილდღეობას მრავალი წლით და მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს ბავშვების ცხოვრებისთვის. განსაკუთრებით აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ღვაწლს და ვაფასებთ მისი თავმჯდომარის, ქალბატონი სოფიო კილაძის როლს ამ უმნიშვნელოვანესი კანონის მიღების პროცესში. ჩვენ განვაგრძობთ პარლამენტის მხარდაჭერას კოდექსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში და ხელს შევუწყობთ საქართველოს მთავრობას მის განხორციელებაში“, – აღნიშნავს გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი.
ბავშვის უფლებათა კოდექსი პარლამენტმა დღეს, მესამე მოსმენით, 85 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.