გაერო-ს ბავშვთა ფონდი სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება
გაერო-ს ბავშვთა ფონდი სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება

გაერო-ს ბავშვთა ფონდი მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას, 4 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნის შესახებ. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული.

„გაერო-ს ბავშვთა ფონდი სკოლების გახსნას ულოცავს ყველა მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს და აგრძელებს თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.

მნიშვნელოვანია, მთავრობამ, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა და სკოლების ადმინისტრაციამ ხელი შეუწყონ დასწრებულ სწავლებას და გაატარონ აუცილებელი ზომები, რომ შეამცირონ ვირუსის გავრცელება, რაც მოიცავს საწმენდი საშუალებების, საპნის, სუფთა წყლის, დამცავი საშუალებების უზრუნველყოფას, ასევე სოციალური დისტანციის დაცვას.

გაერო-ს ბავშვთა ფონდი აგრძელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობას მასწავლებლების ვაქცინაციის მიზნით. მასწავლებელთა ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რადგან ის მათ იცავს ინფიცირებისგან და შესაძლებლობას აძლევს მუშაობა საკლასო ოთახებში განაგრძონ.

სკოლები ცენტრალურ როლს თამაშობს ბავშვების განვითარების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. სკოლის გარეთ ბავშვებს მეტი საფრთხე ემუქრებათ, ვიდრე სკოლაში ყოფნისას. ამას სამი ძირითადი მიზეზი აქვს: სკოლის დახურვა გავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მათი განვითარების კრიტიკულ ეტაპზე, რაც თითოეულ ბავშვზე, მათ ოჯახზე და მათ ეკონომიკური მდგომარეობაზე შეუქცევად კვალს ტოვებს. ამ ბავშვებიდან ბევრი ვერასდროს დაეწევა სასწავლო პროგრამას. რისკების შემცირების ზომების გამოყენების შემთხვევაში, სკოლები ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოა. უახლესი მტკიცებულებები მოწმობს, რომ სკოლები არ არის COVID-19– ის გამავრცელებელი საზოგადოებაში და COVID-19 არ წარმოადგენს მაღალ რისკს ბავშვებისთვის. სკოლების დახურვას ყველაზე დიდი უარყოფითი გავლენა აქვს ყველაზე დაუცველ ბავშვებზე, რომლებსაც ნაკლებად აქვთ წვდომა დისტანციურ სწავლებაზე და რომლებიც უფრო მეტად არიან ძალადობის, ჩაგვრის, უგულებელყოფის, ბავშვთა შრომისა და სხვა რისკების წინაშე“, – აცხადებენ გაერო-ს ბავშვთა ფონდში.

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ საბავშვო ბაღებიც.