გაერო-ს ადამიანის განვითარების ინდექსში საქართველო 63-ე ადგილზეა და კვლავ იმ ქვეყნების ნუსხაშია, სადაც ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონეა
გაერო-ს უახლესი კვლევის მიხედვით, გლობალურად ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და შემოსავალი იკლებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, ბოლო ორ წელიწადში ყოველი ათი ქვეყნიდან ცხრამ ადამიანის განვითარების ინდექსში უკან დაიხია. „კოვიდ-19“-ის, უკრაინაში ომის და კლიმატის ცვლილების გამო, გლობალური განვითარება უკან იხევს“, – წერს ბიბისი.
ინდექსის ავტორთა თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა პირველი ანგარიშის გამოქვეყნებიდან დღემდე, როდესაც ადამიანის განვითარების დონის გაუარესების გლობალური ტენდენცია დაფიქსირდა.
მათივე თქმით, 80-ზე მეტ ქვეყანას ეროვნული ვალის გადახდის მხრივ, პრობლემები შეექმნა. 2021-2022 წლის ინდექსში პირველ ადგილზე შვეიცარიაა, სადაც ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 84 წელია, ხოლო საშუალო შემოსავალი წელიწადში 66 000 დოლარი.
ადამიანის განვითარების ინდექსის პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ნორვეგია, ისლანდია, ჰონგ-კონგი, ავსტრალია, დანია, შვედეთი, ირლანდია, გერმანია და ნიდერლანდები. ბოლო ადგილზეა სამხრეთ სუდანი, სადაც ანგარიშის მიხედვით, ადამიანი საშუალოდ 55 წლამდე ცოცხლობს და წელიწადში მისი საშუალო შემოსავალი 768 დოლარია.
გაერო-ს ადამიანის განვითარების ინდექსში საქართველო 2021 წლის მონაცემებით 63-ე ადგილზეა. ის კვლავაც იმ ქვეყნების ნუსხაშია, სადაც გაერო-ს შეფასებით, ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონეა, თუმცა, 2020 წლის ანგარიშის მონაცემებთან შედარებით, რომელიც მოიცავს 2019 წლის შეფასებას, საქართველომ ორი საფეხურით უკან გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს გაერო-ს ანგარიში არ გამოუქვეყნებია, შესაბამისად ახალი ანგარიში მოიცავს 2020-2021 წლებს. საქართველოს შეფასება ორივე წელს უცვლელია და შეადგენს 0,802 ქულას, თუმცა ინდექსში 2020 წელს საქართველო არის 64-ე ადგილზე, ხოლო 2021 წელს 63-ე.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობად 71,7 წელია მიჩნეული, ხოლო ერთი ადამიანის საშუალო წლიური შემოსავალი 14 664 დოლარად არის შეფასებული.
გაერო-ს ინდექსში საქართველოს ჩამორჩება ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მაგალითისთვის, ბულგარეთი, სერბეთი ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია. ინდექსში 77-ე ადგილზეა უკრაინა, მე-80 ადგილზეა მოლდოვა, 85-ზე სომხეთი, ხოლო 91-ზე არის აზერბაიჯანი.
რეიტინგში საქართველოს უსწრებს ბელარუსი, რომელიც მე-60 ადგილზეა, ყაზახეთი, რომელიც არის 56-ე ადგილზე, რუსეთი, 52-ე ადგილზე, ხოლო თურქეთი, რომელიც 48-ე ადგილზეა.
ადამიანის განვითარების ინდექსს გაერო 1990-იანი წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს. ბოლო ანგარიში 2020 წლის ბოლოს გამოქვეყნდა და 189 ქვეყანას მოიცავდა. ინდექსის მეთოდოლოგიის მიხედვით, თითოეულ ქვეყანას ენიჭება 0-დან ერთ ქულამდე და რაც უფრო ახლოს არის სახელმწიფო ერთ ქულასთან, მით უფრო მაღალია ადამიანის განვითარების დონე. ადამიანის განვითარების დონე სამ კრიტერიუმზე დაყრდნობით ფასდება, ესენია: ჯანდაცვის დონე, განათლების დონე და მოსახლეობის შემოსავლების დონე.