გადაშენების პირას მყოფი ნიანგი 7-8 მდედრთან შეჯვარების შემდეგ, ზურგით ასზე მეტ ნაშიერს ატარებს — 1tvმეცნიერება
ინდოელი ფოტოგრაფის, დჰრიტიმან მუხარეჯის მიერ გადაღებულ ფოტოზე ხედავთ, როგორ უვლის ნიანგი საკუთარ ნაშიერებს. სურათი ჩრდილოეთ ინდოეთში, ჩამბალის ეროვნულ ნაკრძალშია გადაღებული. ნიანგების ქვეკლასის წარმომადგენელს, მამრ გავიალს ასზე მეტი ერთი თვის ნაშიერი წყალში ზურგით, უსაფრთხოდ გადაჰყავს.
„სხვა ნიანგებს პატარა ნაშიერები პირით გადაჰყავთ, მაგრამ გავიალებს უჩვეულოდ წვრილი დინგი აქვთ და ეს შეუძლებელია. შესაბამისად, მშობლებს ისინი წყალში ზურგით დაჰყავთ“, — ამბობს ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმის რეპტილიების კურატორი პატრიკ კემპბელი BBC-ისთან საუბრისას.
გავიალები სიგრძეში საშუალოდ 4,5 მეტრამდე აღწევენ და 900 კილოგრამამდე იწონიან. ნიანგისგან განსხვავებით, აქვთ წვრილი დინგი.
შეჯვარების პერიოდში, ამ დინგიდან ისინი ბუშტებს ბერავენ — ადაპტაცია, რომელიც როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ ნიანგს ფრიად კარგად დაეხმარა. ფოტოგრაფის განცხადებით, ეს მამრი 7-8 მდედრთან შეჯვარდა და ჯამში 100-ზე მეტი ნაშიერი გაუჩნდა.
გავიალები კრიტიკულად საფრთხის ქვეშ არიან. ბუნების ისტორიის მუზეუმის მონაცემებით, ინდოეთისა და ნეპალის მტკნარ წყლებში შემორჩენილია მხოლოდ 650-მდე ზრდასრული ინდივიდი.
მათ შორის, 500 გავიალი ბინადრობს ინდოეთში, ჩამბალის ეროვნულ ნაკრძალში, სადაც ფოტოგრაფი მუხერჯი ასეთ კადრზე კვირების განმავლობაში ნადირობდა.
მისი ფოტო ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმის მიერ ორგანიზებულ „ველური ბუნების წლის ფოტოს“ კონკურსში წელს 100 რჩეულ ფოტოს შორის მოხვდა. სურათები 50 000 კადრს შორის შეარჩიეს.
შარშანდელი გამარჯვებული გახდა ფოტო, რომელზეც ასახულია პურის ნამცეცისთვის მეტროს ბაქანზე მებრძოლი ორი თაგვი. წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული სურათი 13 ოქტომბერს გამოვლინდება.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.