10-წლიანი ნადირობის შემდეგ, ავსტრალიაში გიგანტური ნიანგი დაიჭირეს
10-წლიანი ნადირობის შემდეგ, ავსტრალიაში გიგანტური ნიანგი დაიჭირეს

თითქმის ათწლიანი ნადირობის შემდეგ, ჩრდილოეთ ავსტრალიაში მლაშე წყლის გიგანტური ნიანგი დაიჭირეს.

რეინჯერებმა ნიანგის შეპყრობა კერძო ტერიტორიაზე სპეციალური ხაფანგის დამონტაჟების შემდეგ შეძლეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მოუხელთებელი ნიანგი ერთ-ერთი ყველაზე დიდია ამ რეგიონში ოდესმე დაჭერილთა შორის.

ნიანგი დაახლოებით 60 წლისაა, მაგრამ შოკისმომგვრელია მისი ზომა. გაზეთ Katherine Times-ის ცნობით, სიგრძეში ის 4,5 მეტრია და იწონის 590 კილოგრამს.

ნიანგს რეინჯერები მას შემდეგ უთვალთვალებენ, რაც პირველად დააფიქსირეს, დაახლოებით 10 წლის წინ.

მაისში, ხმელეთის დათვალიერებისას, რეინჯერებმა სამი ნიანგი შენიშნეს და მდინარე კატრინთან ხაფანგიც დაამონტაჟეს. სულ მალე მხეცი მასში გაება.

გაზეთის ცნობით, მასთან ერთად დაიჭირეს კიდევ ერთი, შედარებით პატარა ნიანგიც.

როგორც ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიის პარკებისა და ველური ბუნების ადმინისტრაციის Facebook-პოსტშია ნათქვამი, მამრი ნიანგის დაჭერის მიზანია ადამიანებთან მისი ურთიერთობის პრევენცია.

გვერდის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ასახულია ტრაილერზე გაკოჭილი, ყბებშეკრული ნიანგი.

Associated Press-ის ცნობით, რეპტილია ცხოვრებას ქალაქგარეთ, ნიანგების ფერმაში გააგრძელებს.

National Geographic-ის ინფორმაციით, მლაშე წყლის ნიანგები (Crocodylus porosus) 70 წლამდე ცოცხლობენ, სიგრძეში 5,1 მეტრამდე იზრდებიან, წონით კი 450 კილოგრამამდე აღწევენ.
ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე დაახლოებით 100 000 მლაშე წყლის ნიანგი ბინადრობს.

ავსტრალიის ხელისუფლების ინფორმაციით, წელს უკვე დაჭერილია 190 მლაშე და ორი მტკნარი წყლის ნიანგი.

მთავრობის მონაცემებით, ამ რეგიონში ყველაზე დიდი მლაშე წყლის ნიანგი 1974 წელს მდინარე მერიში დაიჭირეს. 6-მეტრიანი ქმილება მაშინ მოკლეს და თავი მოაჭრეს.

ჩრდილოეთ ტერიტორიის ხელისფულების ცნობით, ამ რეგიონში რეინჯერები ყოველწლიურად დაახლოებით 250 „პრობლემურ ნიანგს“ იჭერენ.