„ფრონტერას“ ყოფილმა თანამშრომლებმა დედოფლისწყაროში საპროტესტო აქცია გამართეს
ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ყოფილმა თანამშრომლებმა დედოფლისწყაროში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ნავთობბაზის ტერიტორიიდან კომპანიის მიერ მოპოვებული ნავთობის გატანის წინააღმდეგი არიან.
„უფლებას არ მივცემთ, ნავთობი კიდევ გაიტანონ, რადგან მათ შეთანხმება დაარღვიეს და პროდუქტის რეალიზების შემდეგ დავალიანების დაფარვაზე კვლავ უარს ამბობენ. კომპანიის მხრიდან იყო დაპირება, რომ შემოსული თანხით ჩვენს სახელფასო დავალიანებას გაისტუმრებდნენ, მაგრამ ისევ მოგვატყუეს. ირღვევა ჩვენი, როგორც დასაქმებულების უფლებები და ამაზე ყველა დუმს“, – განაცხადა „ფრონტერას“ ყოფილმა თანამშრომელმა, ლევან ლაპიაშვილმა.
ნავთობბაზასთან შეკრებილებმა სახელფასო დავალიანებების გასტუმრებასთან ერთად, უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენაც მოითხოვეს.
დედოფლისწყარო კომპანიის მენეჯერი გიორგი ჯანიაშვილი ამბობს, რომ „ფრონტერას“ ხელმძღვანელობა მზად არის, ყოფილ თანამშრომლებს შეხვდეს და არსებული საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილოს. თუმცა აქციის მონაწილეები ამ წინადადებას სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ ამ დრომდე კომპანიიდან მათთან კონტაქტზე არავინ გამოსულა. მათ მიაჩნიათ, რომ „ფრონტერას“ საქართველოს წარმომადგენლობა ამჯერადაც იტყუება.
„ფრონტერას“ წინააღმდეგ სახელმწიფომ დავა საერთაშორისო არბიტრაჟში მოიგო. კომპანია „ფრონტერას“ 11-თვიანი დავალიანება 84 თანამშრომლის მიმართ, ჯამში მილიონამდე ლარი აქვს. კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, ყოფილმა თანამშრომლებმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს გასულ წელს მიმართეს, თუმცა საკითხი ამ დრომდე არ განხილულა.