„ფრირაიდ ვორლდ ტურის“ დამფუძნებელი - ფრირაიდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეჯიბრება გვქონდა, მადლობა საქართველოს
მე ფრირაიდის მთელ გუნდთან ერთად ძალიან ბედნიერი ვარ. ფრირაიდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეჯიბრება გვქონდა, – ამის შესახებ „ფრირაიდ ვორლდ ტურის“ დამფუძნებელმა, ნიკოლას ჰეილ-ვუდსმა განაცხადა.
„წარმოუდგენელი შოუ იყო, სპორტსმენების საოცარი დაშვებებითა და ძალიან მაღალი ქულებით. ათლეტების პროფესიონალიზმი წლიდან წლამდე იზრდება. ეს ადგილი ფანტასტიურია თავისი კლდეებით, გასაოცარი მზეც დაგვემთხვა. მადლობა საქართველოს. გასაოცარი მთები, სასრიალო ტრასები და არაჩვეულებრივი ხალხია თავისი სტუმარმასპინძლობით. ფრირაიდის მსოფლიო ტურს ასობით მილიონი მაყურებელი ჰყავს, ამ ადამიანებს დღევანდელი შოუს შემდეგ საქართველოში სასრიალოდ ჩამოსვლა მოუნდათ“, – განაცხადა ფრირაიდ ვორდ ტურის დამფუძნებელმა ნიკოლას ჰეილ-ვუდსმა.
საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე დღეს ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდა. საქართველო ექვს წამყვან ექსკლუზიურ ქვენას შორის დასახელდა (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად.
ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. ღონისძებაში 15 ქვეყნის (საფრანგეთი, კანადა, ესპანეთი, აშშ, მექსიკა, გერმანია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, შვედეთი, პოლონეთი, ნორვეგია, ახალი ზელანდია, იაპონია, საქართველო) 50 გამორჩეული რაიდერი ასპარეზობდა, მათ შორის იყო „ვაილდ ქარდის მფლობელი“ საქართველოს წარმომადგენელი ჯაბა სხვედიანი. მესტია გახდა მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება, ხოლო კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულთათვის პოზიციონირდა, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი.