ფრიდონ ინჯიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა - თქვენ დაადანაშაულეთ ქართველი ჯარისკაცები სამხედრო დანაშაულში, რის ფასად გაყიდეთ მიწა, ვინ იყვნენ მოღალატეები, მოგიწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა
ფრიდონ ინჯიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა - თქვენ დაადანაშაულეთ ქართველი ჯარისკაცები სამხედრო დანაშაულში, რის ფასად გაყიდეთ მიწა, ვინ იყვნენ მოღალატეები, მოგიწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა

მას შემდეგ, რაც ჩვენ მიერ დაინიცირდა საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივა, რომელიც ეხებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების გამოძიებას, ეს ძალიან არ მოეწონათ „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურებს, განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელმაც ჩაიდინა ეს მოღალატეობრივი ქმედება საქართველოს წინაშე, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენალურ სხდომაზე განაცხადა.

ინჯიას თქმით, ინიციატივის დაინიცირების შემდეგ მისი ქონებრივი დეკლარაცია გაახსენდათ.

„მაშინვე გაახსენდათ ჩემი ქონებრივი დეკლარაცია, რომელსაც მესამე წელია, ჩემი ხელით ვავსებ. მასში ყველაფერი კანონის დაცვით და სწორად არის ასახული, მათ შორის საბანკო ანგარიშები და ფულის მოძრაობა. არაფერია, მე ამას მიჩვეული ვარ. იგივე ჯგუფი ჯერ კიდევ 30 წლის წინ იმავე მეთოდებით მოქმედებდა ჩემ წინააღმდეგ. მაგრამ რა მიიღეს?! ეს ის ჯგუფია, რომელმაც ეს მოღალატეობრივი ქმედებები ჩაიდინა, რასაც საქართველოს მიწის გაყიდვა ჰქვია. გიდასტურებთ, ჩემი თითოეული ნაბიჯი ყოველთვის იყო გადადგმული მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც ადრე, ისე ახლაც და ასე გავაკეთებ მომავალშიც“, – განაცხადა ინჯიამ.

დეპუტატის განცხადებით, კომისიის შექმნის ერთადერთი მიზანია, რომ „საზოგადოებამ იცოდეს, რა მოხდა, შეიძლებოდა თუ არა, რომ არ დაგვეკარგა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი“.

„„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის და მისი სატელიტების მხოლოდ 5 პროცენტი თუ იღებდა მონაწილეობას ამ მოღალატეობრივ ომში. მე გახლდით 2008 წლის ომის მონაწილე, ისევე, როგორც 1993 წლის სამამულო ომის მონაწილე. ვიყავი ცეცხლის ალში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამ დროს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტების წარმომადგენლები პარლამენტის წინ ორდენებს იბნევდნენ სახელმწიფოს ღალატში მონაწილეობისთვის. ახლა აქ, მორალს გვიკითხავენ უსირცხვილოდ. ეს თქვენ დაადანაშაულეთ ქართველი ჯარისკაცები სამხედრო დანაშაულის ჩადენაში, მოაწერთ ხელი რეზოლუციას სტრასბურგში. რის ფასად გაყიდეთ ქართული მიწა, როგორი თანმიმდევრობით აკეთებდით ამას, ვინ იყვნენ ის მოღალატე ადამიანები? მოგიწევთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, კითხვები კი ძალიან მტკივნეული იქნება. სამწუხაროდ, ის დანარჩენი 99% თქვენი მოძრაობის წევრების შეცდომაში არიან შეყვანილები, რაშიც ისინი მალე დარწმუნდებიან“, – განაცხადა ინჯიამ.

ამასთან, პლენარულ სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელს მიმართა.

„ახლა მინდა, მივმართო „ტვ პირველის“ დამფუძნებელს, „ჭუტას“ და მის მეუღლეს ნანას, რომლებსაც მე საკმაოდ კარგად ვიცნობ. იყო დრო, ერთად ვისვენებდით კიდეც. ვიცი, რომ „ჭუტას“ არავითარი წვლილი არ მიუძღვის 2008 წლის ომის გაჩაღებაში და მიმდინარეობაში. პირიქით, ვფიქრობ, წინააღმდეგნი იყვნენ. რა მოგივიდათ, ვის დავალებებს ასრულებთ? რა გჭირთ? ხომ არსებობს კიდევ რაღაც, რაც ქართველ კაცს კიდევ ამუხრუჭებს, ძალიან ვწუხვარ“, – აღნიშნა ინჯიამ.