ფრიდონ ინჯიამ სალომე ზურაბიშვილს მიმართა - თუ თქვენ, როგორც პრეზიდენტს, არ მოგწონთ ამ ხელისუფლების პოლიტიკა და ამასთანავე გინდათ, პოლიტიკურ ველზე დარჩეთ, გადადექით
ფრიდონ ინჯიამ სალომე ზურაბიშვილს მიმართა - თუ თქვენ, როგორც პრეზიდენტს, არ მოგწონთ ამ ხელისუფლების პოლიტიკა და ამასთანავე გინდათ, პოლიტიკურ ველზე დარჩეთ, გადადექით

უფლებამოსილება, რომელიც თქვენ, როგორც პრეზიდენტს გაგაჩნიათ, ჯერჯერობით თქვენ არ მიგიღიათ, ამიტომ ხალხის სახელით არ შეგიძლიათ, ისაუბროთ და ამას ახლა დაემატა ის, რომ ახლა და მომავალში მთავრობის სახელითაც არ გექნებათ უფლება, ისაუბროთ, – ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს და სალომე ზურაბიშვილს მიმართა.

„დღეს საქართველოში ხელისუფლებისა და ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის ძირითადი, მთავარი ამოცანები უნდა იყოს, ეს თქვენ ყველას კარგად გესმით და კარგად იცით, მაგრამ მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ სულ სამ პოსტულატს ჩამოვაყალიბებ, როგორ გამრავლდეს ხალხი საქართველოში, როგორ დაიბრუნო საქართველოდან წასული ემიგრანტები და ამით საქართველო გადაარჩინო გაქრობას ამ გლობალიზაციისა და ულტრალიბერალიზმის ეპოქაში, გადაარჩინო საქართველო შენი პოლიტიკით, რომელიც მიმართული იქნება მეზობლებთან სწორი ურთიერთობებით. უნდა შევიგნოთ, რომ ქვეყნები მეზობლებს არ ირჩევენ, სწორად შევაფასოთ ჩვენი პოტენციალი, შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე, მოვძებნოთ გზები ქვეყნის გამთლიანებისათვის. ამასთანავე, სულ უნდა ვიქონიოთ მხედველობაში, რომ საქართველო მარტო ქვეყანაა. ერთმა ცნობილმა მწერალმა თქვა, უპატრონო ქვეყანა ვართო. გარდა იმისა, რომ ის ძირითადად მართლმადიდებელი ქვეყანაა და მართლმადიდებელ ქვეყნებში ჩვენი უწმინდესის ძალისხმევით ღირსეულ ადგილს იკავებს, ამასთანავე, უნდა გითხრათ, რომ სხვა ქვეყნის კონფესიები საქართველოში ყველაზე კომფორტულად გრძნობენ თავს. მეორე – გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას შეუქმნის უკეთეს კეთილდღეობას, ანუ საქართველოს ყველა მოქალაქე იყოს პატრონი საშუალოზე მაღალი სიმდიდრისა, უსამართლობაზე მას საფიქრალი არ უნდა ჰქონდეს. მესამე, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საქართველოს უნიკალური ფაუნა და ბუნება შეუნარჩუნდეს. ჩემი აზრით, ეს არის ის სამი პოსტულატი, რომელთა განხორციელებისთვის უნდა იბრძოდეს საქართველოში მოსული ყველა ხელისუფლება, ხოლო პარტიები, პოლიტიკური პარტიები ეცილებოდნენ ერთმანეთს ამ ამოცანების უკეთ შესრულებისთვის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ინჯიამ პრეზიდენტს ურჩია, თუ მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკა არ მოსწონს, გადადგეს.

„თუ თქვენ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ქვეყნის ერთ-ერთი კონსტიტუციური ინსტიტუტის წარმომადგენელს, არ მოგწონთ ამ ხელისუფლების პოლიტიკა და ამასთანავე გინდათ, პოლიტიკურ ველზე დარჩეთ, გადადექით. მაშინ გექნებათ ორი გზა – პირველი, შექმნათ პოლიტიკური პარტია ან არასამთავრობო ორგანიზაცია და ამით იბრძოლოთ იმ იდეალების განსახორციელებლად, რომლებიც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. ან მეორე, თუ მიგიღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, გაწევრიანდეთ და ეცადოთ, იქიდან იბრძოლოთ ხელისუფლებისთვის, რადგანაც ეს უფლებამოსილება, რომელიც თქვენ, როგორც პრეზიდენტს გაგაჩნიათ, ჯერჯერობით თქვენ არ მიგიღიათ, ამიტომ ხალხის სახელით არ შეგიძლიათ, ისაუბროთ და ამას ახლა  დაემატა ის, რომ ახლა და მომავალში თქვენ მთავრობის სახელითაც არ გექნებათ უფლება, ისაუბროთ“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.