ფრიდონ ინჯია - ოპოზიცია არჩევნების დამთავრებიდან ორი-სამი საათის შემდეგ უკვე საუბრობდა გაყალბებაზე, თუმცა არავითარი ფაქტობრივი მასალა არ წარუდგენიათ
ფრიდონ ინჯია - ოპოზიცია არჩევნების დამთავრებიდან ორი-სამი საათის შემდეგ უკვე საუბრობდა გაყალბებაზე, თუმცა არავითარი ფაქტობრივი მასალა არ წარუდგენიათ

აღმოჩნდა ისე, როგორც ჩვენი პარტია ვვარაუდობდით, არჩევნები არ გაყალბებულა, – განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ არჩევნებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობის შეფასებისას.

მისივე თქმით, ოპოზიცია არჩევნების დამთავრებიდან ორი-სამი საათის შემდეგ უკვე საუბრობდა არჩევნების გაყალბებაზე, თუმცა, როგორც ინჯიამ აღნიშნა, მათ არავითარი ფაქტობრივი მასალა არ წარუდგენიათ.

„ის, რაც წარადგინეს ან გვიან წარადგინეს ან არაუფლებამოსილმა ხალხმა წარადგინა. ბევრ შემთხვევაში მასალები იყო ვარაუდზე დაყრდნობილი. მათ, რომ რამე ჰქონოდათ ფაქტობრივი მასალა, ისინი საგამოძიებო კომისიაში აუცილებლად მოვიდოდნენ. მათ ორმაგი სტანდარტი აქვთ. ერთ შემთხვევაში თვლიან, რომ საგამოძიებო კომისია შეიძლება ლეგიტიმური იყოს. მეორე შემთხვევაში, ახლა, როგორც საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე გააკეთეს, თვლიან, რომ არალეგიტიმურია. სხვა შემთხვევაში ისინი პარლამენტში, რომელსაც არალეგიტიმურად თვლიან, ითხოვენ, რომ პარლამენტმა შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით.

არჩევნების შემდეგ, ორი-სამი საათის შემდეგ ოპოზიციამ დაანონსება დაიწყო იმის შესახებ, რომ არჩევნები გაყალბდა და მოსახლეობას მოუწოდეს, მთავარ მოედანზე გამოსულიყვნენ. ხალხი არ გამოსულა. რატომ? მათ დასაცავი არაფერი ჰქონდათ. ყველამ იმას მისცა ხმა, ვისთვისაც ხმის მიცემა გადაწყვეტილი ჰქონდა. ხალხი არ გამოსულა და ვერასდროს ვერ გამოიყვანენ.

დარწმუნებული ვარ, ახლა თეორიულად, რომ შეიძლებოდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის წინასწარ შექმნა ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ისინი ამ კომისიაშიც არ მიიღებენ მონაწილეობას. მათ გეგმაში ეს არ არის. რადგან მათ არ გამოსდით არჩევნების გზით იმ მიზნის მიღწევა, რასაც ისინი ოცნებობენ, თავიანთი სატელიტები და კიევი, ამისთვის ისინი სხვა გზას იყენებენ, როგორიც არის ბოიკოტი, ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია, ინვესტორების დაფრთხობა და სამართლებრივი სტაბილურობის მოსპობა, რაც ასე ძლიერ სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.