ფრიდონ ინჯია - კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ცვლის, ჩემთვის მიუღებელია
კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ცვლის, ჩემთვის მიუღებელია და მხარს არ დავუჭერ, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ინჯიას თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით უარყოფითი გამოცდილება უკვე გვაქვს.
„ჩვენ უკვე გვაქვს უარყოფითი გამოცდილება შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელმაც 6 თვე უმძიმეს, ტურბულენტურ სიტუაციაში ჩააყენა და ლამის ჩაანაცვლა საქართველოს კონსტიტუცია. ახლა კი იგივე მეორდება ევროკომისიის 12 შეურაცხმყოფელი პუნქტით. ისმის კითხვა – სადაა ჩვენი დამოუკიდებლობა? ჩვენ უკვე გვაქვს კარგი მაგალითი თუ რა სირთულეების წინაშე დადგა ცენტრალური საარჩევნო კომისია კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის ახალი წესით. სწორედ აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ცვლის, პირადად ჩემთვის მიუღებელია და მას მხარს არ დავუჭერ“, – აღნიშნა ინჯიამ.
მისი თქმით, მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან საქართველო ყველა კრიტერიუმით უსწრებს მოლდოვას.
„კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოლდოვასათვის იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან ყველა პარამეტრით, ყველა კრიტერიუმით და მოთხოვნებით, ჩვენ წინ ვიყავით ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან შედარებით. თუ არ იქნება ორმაგი სტანდარტი, ჩვენ წლის ბოლოს უნდა მოგვენიჭოს საოცნებო კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა დეპუტატმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.