ფრიდონ ინჯია - კაპიტოლიუმში შევარდნის გამო 15-დან 18 წლამდე მისცეს, პარლამენტში რომ შემოვარდნენ, ხომ უნდა დაისაჯონ, ეს მაგალითი უნდა იყოს
გამჭვირვალობაზე კანონპროექტი ქუთაისში რომ ყოფილიყო მისაღები, მიიღებდნენ, რადგან იქ არ იყვნენ დაზომბირებული სტუდენტების პატრონები, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში განაცხადა.
მისივე თქმით, კანონის უზენაესობა დაცული უნდა იყოს და უნდა დაისაჯონ ისინი, რომლებიც 7-8 მარტის მოვლენების დროს პარლამენტში შეცვივდნენ.
„იმ დესტრუქციული ძალების ქმედებამ, რომელიც იყო 7-8 მარტს, რა განაპირობა, რა მივიღეთ ჩვენ იმ რიტორიკიდან, ექსტრემალური სიტუაციიდან? ამერიკის შეერთებულ შტატებში კაპიტოლიუმში შევარდნაში 15-დან 18 წლამდე მისცეს, დასაჯეს, და მართლაც რომ უმაღლეს შეფასებას იმსახურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ კანონის უზენაესობიდან გამომდინარე, თქვენ – ნული. რომ შემოვარდნენ, ხომ უნდა დასაჯო, ხომ უნდა დაისაჯონ, ეს მაგალითი უნდა იყოს. აღნიშნული ნაწილი გამოგრჩათ.
ამ დღეებში რეგიონებში ვიყავი, სრული მხარდაჭერა გაქვთ. ახალგაზრდები არიან დაბოღმილი, როგორ გააპარპაშესო. გამჭვირვალობაზე კანონპროექტი ქუთაისში რომ ყოფილიყო მისაღები, მიიღებდნენ, რადგან იქ არ იყვნენ დაზომბირებული სტუდენტების პატრონები და სტუდენტები, რომლებიც აქ გამოვიდნენ. რა გამოიწვია რადიკალურმა მოწოდებებმა – წავიდეთ საომრად, იქ ცხინვალი, სოხუმი, რუსეთმა დამატებით ჯარი შემოიყვანა აფხაზეთში და გავიგე, რომ ახალი ტექნოლოგიები შემოიტანეს იქ. იმის ნაცვლად, რომ ჩვენს ძმებს, აფხაზებსა და ოსებს ყოველწუთიერად მოვეფეროთ, დავიწყოთ დიალოგი მათთან, მაგალითი მივცეთ სხვას. სხვანაირად ჩვენ არაფერი გამოგვივა. აი, შედეგი იმ აქციების, რომელიც მოხდა 7-8 მარტს, აი, რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს.
ვის უნდა ეს? ვისაც არ აქვს იმედი, რომ არჩევნების გზით გაიმარჯვებს. ამიტომ ამ ყველაფრის სათავეში, გინდაც სააკაშვილთან მიმართებით, გინდ სხვა მიმართულებით, არის ერთი, კანონის უზენაესობა. ეს არის ყველასთვის, მთავრობისა და პარლამენტის წევრებისთვის, აბსოლუტურად ყველასთვის. კანონის ნახევრად შესრულება კლავს იმ კანონს, რომელსაც ნახევრად ასრულებ. ასეა, პრემიერ-მინისტრო“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.