ფრიდონ ინჯია - გარეთ მყოფ ოპოზიციას სურს, ხელისუფლება პირდაპირ ჩაიბაროს, შესაძლოა, პარლამენტში ერთეულები შემოვიდნენ, რაც არ იქნება საკმარისი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის
„ევროპელი სოციალისტების“ წევრის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში მსგავსი საარჩევნო რეფორმა არ განხორციელებულა, თუმცა საკუთარი შენიშვნებიც აქვს.
„ბოლო 30 წლის განმავლობაში ასეთი რეფორმა არ ყოფილა, იყო კოსმეტიკური შენიშვნები და ყველაფერი ამით სრულდებოდა. შენიშვნებიც მაქვს, რომელიც ეხება პარტიების დაფინანსებასა და საკრებულოებში უფრო მეტ პროპორციულობას. მიგვაჩნია, რომ ან ერთნაირი თანაფარდობა უნდა იყოს, ან სრულად პროპორციული. 1/2-ზე თანაფარდობა კარგ შედეგს არ მიიღებს, რადგან რეგიონებში დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნებებს. სხვანაირი თანაფარდობაა საჭირო“, – განაცხადა ინჯიამ.
რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, მისი შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ვერ მოხერხდება, რადგან პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციას შეთანხმება არ სურს.
ინჯია მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერების დიდი ნაწილი პარლამენტში არ შევა და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი ხმები ვერ მოგროვდება.
„რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არ მოხდება, რადგან გარეთ მყოფ ოპოზიციას სურს, ხელისუფლება პირდაპირ ჩაიბაროს და არა ასეთი შეთანხმებები იყოს. ვფიქრობ, ისინი პარლამენტში არ შემოვლენ, ერთეულები შეიძლება შემოვიდნენ, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი რაოდენობა, რაც საშუალებას მოგვცემს, საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ. 113 არ არის ციფრი, რაც მოგვცემს გარანტიას, საარჩევნო ბარიერი შეიცვალოს, რადგან შეიძლება, მოქმედი შემადგენლობიდან ვინმესთვის ეს მოდელი მისაღები არ იყოს“, – განუცხადა ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პირველ არხს.