ფრიდონ ინჯია - 8 აპრილს სააკაშვილმა უამრავი ტყუილით სავსე განცხადება გააკეთა, გადავწყვიტე, შევახსენო საქართველოს მოსახლეობას ის რეალობა, რაც ხდებოდა სააკაშვილის მმართველობის დროს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ პრესკონფერენციაზე მიხელ სააკაშვილის 8 აპრილის ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა.
ინჯიას თქმით, „სააკაშვილმა უამრავი ტყუილით სავსე განცხადება გააკეთა“.
„გამორიცხულია, მას არ ვუპასუხო, თუმცა, როგორც პოლიტიკოსი, არავითარ პასუხს არ იმსახურებს, მაგრამ ხალხს, მინდა, შევახსენო, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ჩვენი ქვეყანა მან და მისმა უფროსებმა. მისი განცხადებები ძალიან შორს არის სიმართლისგან. პრინციპში, ამ განცხადებებთან დაკავშირებით განმარტებებს და შეფასებებს უნდა აკეთებდეს „ოცნება“, მაგრამ ისინი რატომღაც სხვა საქმით არიან დაკავებულნი, ასე გამოდის. მიმაჩნია, რომ სააკაშვილის განცხადებების შეფასება საჭირო და აუცილებელია. სააკაშვილის განცხადებები ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და აყალბებს ისტორიას. ამიტომ გადავწყვიტე, ნაწილობრივ მაინც შევახსენო საქართველოს მოსახლეობას ის რეალობა, რაც ხდებოდა სააკაშვილის მმართველობის დროს. სააკაშვილმა ბრძანა, თუ როგორი თანამედროვე სახელმწიფო ააშენა 2012 წლამდე. ოღონდ ამ, როგორც თავად აცხადებს, თანამედროვე სახელმწიფოში ხდებოდა რა: ადამიანების წამება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ხშირ შემთხვევაში ფაშისტების წამების მეთოდებსაც გადაასწრო.
ასე მაგალითად: თუ ფაშისტები გვამებს წვავდნენ, მათ შორის ცოცხალ ადამიანებსაც, სააკაშვილი გვამებს იყენებდა უდანაშაულო ადამიანების წამებისთვის. კერძოდ, მიცვალებულებთან აბამდნენ დღე-ღამის განმავლობაში. თქვენ თუ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს ეს ქრისტიანი ადამიანისთვის? მისი ოჯახისთვის? მიტინგების დარბევისას მიცვალებულებს სახურავებზე პოულობდნენ, ათეულობით, ასეულობით ადამიანი, ზღვაში თუ წყალში, კაცმა არ იცის, ბევრი კი ახლაც ნაპოვნი არ არის. ბიზნესის რეკეტი, რასთან დაკავშირებითაც ათიათასობით განცხადება დევს პროკურატურაში, რასთან დაკავშირებითაც რეაგირება არ ხდება, და ტელევიზიების მიტაცება – არაერთი ტელევიზიის, თუმცა ეს ცალკე საუბრის საგანია. სწორედ ასეთი იყო სააკაშვილის თანამედროვე ფსევდო ამერიკულ-ევროპული სახელმწიფო. როგორც ჩანს, ამ „ამერიკულ-ევროპულ“ სახელმწიფოში თავისი პრეზიდენტობის პერიოდში მან საქართველო უცხო, მისი გადმოსახედიდან, ყველაზე თანამდეროვე ქვეყნის სამსახურში ჩააყენა. შედეგად, რაც მივიღეთ და რაც დაგვიტოვა, კარგად ვხედავთ – ორად გახლეჩილი ქვეყანა და დაკარგული ტერიტორიები, სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, თანამდებობის პირების კარნახით დანიშვნა (ლომჯარია, მარგველაშვილი და ა.შ.), დამნაშავეებზე ხელის დაფარება და მრავალი სხვა. დიახ, სააკაშვილი განცხადებაში წერს, რომ აცეკვა ჯორჯ ბუში და ასე ცეკვა-ცეკვით დააკარგვინა საქართველოს მიწები.
ჯონ მაკკეინის საარჩევნო კამპანია აგებული იყო 2008 წლის ომზე, თითქოს მას არ უნდოდა, ეს ომი ყოფილიყო საქართველოში. აგვისტოს ომი რომ არ ყოფილიყო, ხომ არ იტყოდა ის იმ ცნობილ ფრაზას: „დღეს ჩვენ, ყველანი, ქართველები ვართ“. განცხადება სავსეა ტყუილებით. ასე მაგალითად, თურმე მე-6 ფლოტი შემოსულა და მას გადაურჩენია საქართველო. თურმე ფლოტმა შავი ზღვა მას შემდეგ დატოვა, რაც ნახა სააკაშვილის გმირობა, რომ მან არ დატოვა თბილისი, რადგანაც მას უნდა ეზეიმა ტერიტორიების რუსეთისთვის ჩაბარება. იზეიმა კიდევაც, იცეკვა. ორიოდე სიტყვა მე-6 ფლოტის შემოსვლაზე: მონტროს 1936 წლის კონვენციის თანახმად, 45 ტონაზე მეტი ტევადობის გემის შემოსვლა შავი ზღვის აკვატორიაში შესაძლებელია მხოლოდ როტაციის პრინციპით. აქედან გამომდინარე, ფლოტი ვერ შემოვიდოდა. სანაპირო დაცვის პირველი კატარღა ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა 25 აგვისტოს. 25 აგვისტოს ომი დამთავრებული იყო. სწორედ იმ დღეს სცნო რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ეს კატარღა გავიდა და შემოვიდა სანაპირო დაცვის მეორე კატარღა 27 სექტემბერს, როცა ყველაფერი უკვე დასრულებული იყო. მხოლოდ 5 სექტემბერს შემოვიდა აშშ-ს მე-6 ფლოტის ფლაგმანი, რომელსაც ჩამოჰყვა აშშ-ის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი, რომელმაც, როგორც სააკაშვილი აცხადებს, ბრძანა: „ჩემს გემზე მართლა წყალი ხომ არ გგონიათ?“ საუბარია 18 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის შემოტანაზე. ისმის კითხვა, რა ჰქონდა მას მხედველობაში? თუ იქ იარაღი იყო, მაშინ სადაა ეს იარაღი? აი, სწორედ ამიტომ ვითხოვ 2008 წლის აგვისტოს ომამდე და ომის დროს არსებული ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექნას“, – განაცხადა ინჯიამ.