ფრიდომ ჰაუსის წარმომადგენელი - პრობლემა იმაშია, რომ მედია გამოცემებმა საკუთარ თავს უფლება მისცეს გამხდარიყვნენ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House) ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორი მარკ ბერენტი გიორგი გაბუნიას მონოლოგის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების რეაქცისა და ქართულ მედია გარემოს „ამერიკის ხმასთან“ საუბარში აფასებს.
„გამოხატვის თავისუფლება საკმაოდ რთული რამ არის. თუ ის აძლევს გაბუნიას საშუალებას გააკეთოს ასეთი არაპროფესიონალური კომენტარი, მაშინ ის ასევე აძლევს საშუალებას პოლიტიკოსებს ან საზოგადოებას, რომ ჰქონდეთ რეაქცია, თუნდაც ის იყოს ძალიან მკაცრი. თუ გამოხატვის თავისუფლება აძლევს ვინმეს საშუალებას, რომ შეუარცხყოფა მომაყენოს, თუნდაც ძალიან მძიმე ფორმებში, მაშინ მეც მაქვს უფლება, რომ ვთქვა, რამდენად შეურაცხყოფილი ვარ. ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადააჭარბეს თავიანთ უფლებას, გამოხატონ საკუთარი აზრი. ბატონი ვოლსკის კომენტარი გამოძიებასთან დაკავშირებით, შესაძლოა სანერვიულო ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ მას, რეალურად, ექნებოდა გამოძიების დაწყების ძალაუფლება. სხვა შემთხვევაში, ეს უნდა განვიხილოთ, როგორც მისი, პარტიის წევრის უფლება, დააფიქსიროს აზრი“, – აცხადებს „ფრიდომ ჰაუსის“ ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორი.
კითხვაზე ხედავს თუ არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნიშნებს ხელისუფლების გამოხმაურებებში, მარკ ბერენტი აცხადებს, რომ ვერ ხედავს. მისივე თქმით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი მედია გარემოა.
„ვერ ვხედავ, რომ გამოხატვის თავისუფლება ამით შეიზღუდა. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი მედია გარემოა. პრობლემა ხელისუფლების მხრიდან მედიის ცენზურა არაა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მედია გამოცემებმა საკუთარ თავს უფლება მისცეს გამხდარიყვნენ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები. ჟურნალისტებმა საკუთარ თავს უფლება მისცეს, რომ მედია გამოცემებისა და მათ მფლობელების ზეგავლენის ქვეშ მოქცეულიყვნენ. გასაკვირი არაა, რომ ქართულ მედიაში ბატონი გაბუნიას მგავსი ინციდენტები არსებობს, გასაკვირი ის იქნებოდა, რომ ჟურნალისტს გადაეხვია იმ ხაზიდან, რომელიც მედია საშუალებას აქვს, მიუხედავად იმ ტონისა, რასაც ისინი იყენებენ“, – აცხადებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ფრიდომ ჰაუსის“ ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორი მარკ ბერენტი.
კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა რუსეთის რეაქციას გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, მარკ ბერენტი ამბობს, რომ რუსეთის განცხადება ბატონი გაბუნიას სამართლებრივ დევნაზე აღმაშფოთებელია
რუსეთის განცხადება ბატონი გაბუნიას სამართლებრივ დევნაზე აღმაშფოთებელია. მისი კომენტარი „პოსტკრიპტუმში“, შეიძლება, არ იყო პროფესიონალური და საზრიანი, მაგრამ ნამდვილად არ ყოფილა უკანონო. ნებისმიერი მოწოდება მისი დევნის შესახებ არის მიუღებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. განსხვავება რუსეთსა და საქართველოს შორის კი ის არის, რომ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეურაცხყოფილები შეიძლება იყვნენ ადამიანები სიუჟეტის ან სტატიის გამო, არავის აქვს დაკავების შიში. ბატონი გაბუნიას ექსტრადირება მართლაც რომ მომხდარიყო რუსეთში, მაშინ მას მარტივად გაასამართლებდნენ სისხლის სამართლის კანონით, მთავრობის წარმომადგენლის შეურაცხყოფისთვის“, – აცხადებს მარკ ბერენტი.