„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 3.04 ქულას შეადგენს
„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. წლევანდელი დემოკრატიის ქულა 3.04-ს შეადგენს მაქსიმალური 7-დან, სადაც 7 საუკეთესო მაჩვენებელია. გასულ წელს ის 3.07-ს შეადგენდა. დემოკრატიის წლევანდელი პროცენტი კი 33.93% შეადგენს 100%-დან.
შვიდი კომპონენტისგან შემდგარი შეფასების სისტემა ამოწმებს ქვეყნის პროგრესს: 1. ეროვნულ დემოკრატიულ მმართველობაში, სადაც საქართველომ მაქსიმალური 7-დან 2.25 ქულა მიიღო; 2. საარჩევნო პროცესში – 3.0 – 7-დან; 3. სამოქალაქო საზოგადოებაში – 4.0 – 7-დან; 4. დამოუკიდებელი მედიაში – 3.25 – 7-დან; 5. ადგილობრივ დემოკრატიულ მმართველობაში – 2.75 -7-დან; 6. სასამართლო სისტემასა და მის დამოუკიდებლობაში – 2.50 – 7.0-დან; 7. კორუფციაში – 3.50 – 7.0-დან.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „2023 წელს დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი 3.50 -დან 3.25 ქულამდე შემცირდა, რაც, ძირითადად, ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროებისა და ძალადობის გაუარესების მრავალწლიანი ტენდენციითაა გამოწვეული“. აღნიშნულის მაგალითად ანგარიშში მოყვანილია ნიკა გვარამიას დაკავება და გასამართლება, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ორი ტელეარხის დირექტორი იყო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სულ უფრო პოლარიზებულმა და პოლიტიზებულმა მედიაგარემომ ძირი გამოუთხარა სარედაქციო დამოუკიდებლობას.
„გასულ წელს საქართველოში დემოკრატიას ყურადღებით აკვირდებოდნენ, რამდენადაც ქვეყანამ გადადგა შეთანხმებული ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ. თუმცა სტრუქტურული პრობლემები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სასამართლო დამოუკიდებლობა, მედიათავისუფლება და მრავალპარტიული მმართველობა მნიშვნელოვანწილად გადაუჭრელი რჩებოდა, რაც ხელს უშლიდა დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყანაში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებს. დასავლელი დამკვირვებლებმა, მათ შორის აშშ-ს წარმომადგენლებმა გამოთქვეს „ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიასთან დაკავშირებით“. წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მხარდაჭერა არსებული პოლიტიკური პარტიების მიმართ შემცირდა, გამოკითხულთა 70%-ზე მეტს ქართულ პოლიტიკაში ახალი აქტორების ხილვა სურს. წლის მიწურულისთვის საზოგადოების სკეპტიციზმმა პიკს მიაღწია მმართველობის მიმართულებასთან, ეკონომიკის მდგომარეობასა და პარტიულ სისტემაში იმედგაცრუებასთან დაკავშირებით, მათ შორის მმართველ პარტიაში“, – აღნიშნულია ანგარიშში.