ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატები სახელმწიფო რწმუნებულებს ხვდებიან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე და უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულებს ხვდება.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა პარლამენტში მიმდინარეობს.
მდინარაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი რეგიონებში არსებულ გამოწვევებს შეეხება.
„ვისაუბრებთ იმაზე, რეგიონის რწმუნებულებს გამოწვევად რა მიაჩნიათ და პრობლემის გადაჭრის გზად რას ხედავენ. ასევე უსაფრთხოების თემებს განვიხილავთ. იცით, რომ თბილისთან მიმართებაში საინტერესო ინიციატივა გაჟღერდა. ამასთან, საუბარი მიწასთან დაკავშირებულ რეფორმას შეეხება, რაც ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარეობს”, – განაცხადა მდინარაძემ.
გუბერნატორები ერთ-ერთ გამოწვევად უმუშევრობის პრობლემას ასახელებენ, თუმცა კახეთის გუბერნატორის
ირაკლი ქადაგიშვილის განცახდებით, არსებობს კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი სტაბილური და პროფესიული განათლების კუთხით.
მისივე თქმით, აღნიშნული პერსონალის მომზადება მათი ერთ-ერთი მიმართულებაა.
ქადაგიშვილის განცხადებით, კახეთის სოფლის მეურნეობას და ტურიზმს განვითარების მეტი დინამიკა და პერსპექტივა გააჩნია.
„უმრავლესობასთან შეხვედრაზე ჩვენი პასუხები დამოკიდებული იქნება გამომდინარე იქედან, თუ რა კონკრეტული კითხვები იქნება. კახეთი ერთ-ერთი დინამიურად განვითარებადი რეგიონია, რომელსაც თავისი გამოწვევებიც გააჩნია, აქვს თავისი პრობლემებიც, მაგრამ ამავდროულად უნდა ითქვას, რომ სოფლის მეურნეობას და ტურიზმს განვითარების მეტი დინამიკა და პერსპექტივა გააჩნია“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.