შალვა პაპუაშვილი - ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე შედეგების დათვლის პროცესში ფიქსირდება ბიულეტენების მოპარვის სავარაუდო ფაქტი, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება

ჩვენი საჩივრის საფუძველზე, ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში ბათილი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს 13 ხმა დაემატა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ერთი ხმა, ხოლო პარტიას „საქართველოსთვის“ – ორი ხმა. საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ კანდიდატს მხარი დაუჭირა 1 193 ამომრჩეველმა, ენმ-ის კანდიდატმა – 1 183, პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატმა კი 507 ხმა მიიღო, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბათილი ბიულეტენების გახსნამდე „ქართული ოცნების“ კანდიდატს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ორი ხმით უსწრებდა. ჩვენი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი სოსო გოგოხია ამტკიცებდა, რომ ბათილად იყო ცნობილი ისეთი ბიულეტენები, სადაც ამომრჩეველმა ნება დააფიქსირა, ამიტომაც, ჩვენ უბნების ხელახალი გადათვლა მოვითხოვეთ. უბნების გადათვლით დადასტურდა, რომ ჩვენი კანდიდატის მოთხოვნა იყო საფუძვლიანი“, – განაცხადა პაპუაშვილმა

მისივე თქმით, გარდა ამისა საზოგადოების ყურადღება უნდა გამახვილდეს კიდევ ერთ ფაქტზე, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე შედეგების დათვლის პროცესში, ფიქსირდება ბიულეტენების მოპარვის სავარაუდო ფაქტი. პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს ვიდეომასალაც გადასცა.

„უბნის ტერიტორიაზე მყოფი პირის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს და ეს ვიდეო თქვენ გადმოგეცემათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე შედეგების დათვლის პროცესში, ფიქსირდება ბიულეტენების მოპარვის სავარაუდო ფაქტი. ვიდეოზე ჩანს სოფიკო ჩვამანია – „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და ამავე უბანზე საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც სავარაუდოდ, იპარავს ბიულეტინებს. ამიტომ, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება და ყველა კითხვაზე დეტალური პასუხი იქნას გაცემული.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ქმედებებს, რომელსაც ახლა ვაკვირდებით დღის განმავლობაში და მათ განცხადებებს, ჩვენ ვიხილეთ, როგორ ჩაშალეს მათ საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა და საარჩევნო კომისიის ბრიფინგი. მოვისმინეთ მათი ბრალდებები, რომ თითქოს გადათვლა „ზონდერების მიერ ქურდულად მოხდა“, – – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, უბნების გადათვლის პროცესს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა ესწრებოდა.

„აქედან გადათვლის შედეგებს მხარი დაუჭირა კომისიის 13 წევრმა, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ წარმომადგენლებისა, რომელიც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, სრულად ესწრებოდნენ გადათვლის პროცესს. ეს სამი პარტია, რომ ზოგადად ერთნაირად იქცევა და ერთი პოლიტიკური გუნდია, სხვა დროსაც არაერთხელ დამტკიცდა და მათი ეს ქცევა და მათ შორის ამ კომისიაზე არ დათანხმება გადათვლის შედეგებისადმი -ეს გასაკვირი არ არის.

გადათვლას ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობის და სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ქმედებებს საოლქო საარჩევნო კომისიაში, პაპუაშვილის თქმით, ეს არის პირდაპირი ძალადობრივი ჩარევა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში და ზეწოლა ადმინისტრაციის თანამშრომლებზე.

„მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს ასეთ ფაქტებზე ჰქონდეთ უმკაცრესი რეაგირება, რათა საფრთხე არ შეექმნას ჩვენი მოქალაქეების მიერ 2 ოქტომბერს გამოხატული ნების დაცულობას.

ჩვენ წერილობით მივმართეთ და ახლა საჯაროდაც მივმართავთ ეუთო/ოდირის გრძელვადიან დამკვირვებლებს, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ იმყოფებიან და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს კომუნიკაცია იქონიონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რათა მათ შეწყვიტონ საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობები.

„ნაციონალური მოძრაობის“ ეს საქციელი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რამდენად ფარისევლური არიან ისინი. გუშინ ამტკიცებდნენ, რომ ერთი ადამიანის ხმაც კი მათთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, და დღეს, როცა ამ ერთი ადამიანის ხმა მათ წინააღმდეგ არის გადამწყვეტი, ეს ადამიანი და ეს ხმა მათთვის არაფერია. ამომრჩეველი მათ თვალში მხოლოდ მათი ამომრჩეველია.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საარჩევნო რეფორმის შედეგად შემოღებულ იქნა უბნების 10%-ის შემთხვევით შერჩევა და გადათვლა. სტატისტიკურად ეს ნიშნავს, რომ სურათი, რომელსაც აჩვენებს უბნების 10% არის განზოგადებადი უბნების 100-ვე პროცენტზე და ამ მხრივ საერთო სურათს ქმნის. ამ პრინციპით 3 600 უბნიდან საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაითვალა 360 უბანი და დადგინდა, რომ ცვლილებები შეეხო სულ 130-მდე ხმას, ანუ ხმების დაახლოებით 0,07%-ს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.