ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ დაესწრებიან
ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის საკრებულო დღეს სხდომას გამართავს, რომელზეც თავმჯდომარეს აირჩევს. სხდომის გამართვა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, შუალედურ არჩევნებში ცესკო-მ „ქართული ოცნების“ დეპუტატ რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება ცნო.
დღევანდელ სხდომას არ დაესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები. მათი თქმით, „ფრაქცია არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს „ქართული ოცნების“ თანამდებობების გადანაწილებაში ბათუმის საკრებულოში“.
„დღევანდელ სხდომაზე ჩვენ არ გამოვცხადდებით, ვინაიდან წარმოდგენილი საკითხებით მხოლოდ თანამდებობების გადანაწილება ხდება. მიუხედავად ნუგზარ ფუტკარაძის პოლიტიკური ზემოქმედების შედეგად გარდაცვალებისა, „ქართულ ოცნებას“ კანონში ცვლილებები დასჭირდა იმისთვის, რომ თავისი სასურველი შედეგისთვის მიეღწია ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ. გულდასაწყვეტია, რომ ამ ცვლილებებს პარლამენტში ჩვენი პარტია, ჩვენთან საფუძვლიანი კონსულტაციის გარეშე შეუერთდა. თუმცა, მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე ველოდებით ბათუმის მერიას, როდის წარმოადგენს საკრებულოში ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, რომლის განხილვასაც ჩვენ ვითხოვთ დიდი ხანია და რის გამოც არაერთხელ მოვიწვიეთ სხდომა, რომელზეც არ გამოცხადდა „ქართული ოცნება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს წევრმა ლაშა კილაბერიამ.
„ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, სხდომას დაესწრებიან „ლელოსა“ და პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.