„ფრანს პრესი“ - ოქროს ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს, აზიურ ბირჟებზე ვაჭრობის შედეგად უნცია ოქროს ფასმა 2 135 დოლარი შეადგინა
ოქროს ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს, აზიურ ბირჟებზე ვაჭრობის შედეგად უნცია ოქროს ფასმა 2 135 დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ „ფრანს პრესი“ წერს.
მედიის ცნობით, ოქრო იმ ფონზე ძვირდება, როდესაც არსებობს მოლოდინი, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს. გასულ კვირას აშშ-ის სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა მიანიშნა, რომ მარეგულირებელი საბაზისო საპროცენტო განაკვეთის არსებულ ნიშნულზე დატოვებას აპირებს და მის გაზრდას არ გეგმავს.
ოქროს გაძვირება ასევე უკავშირდება დოლარის დასუსტებას, რის შედეგადაც ოქრო საერთაშორისო მყიდველებისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ოქროს ფასის მატებას ასევე უკავშირებენ ისრაელისა და „ჰამასის“ ომს, რა დროსაც ოქროში, როგორც სანდო აქტივში, ინვესტირება გრძელდება.
„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ოქროს ღირებულება ოქტომბრის დასაწყისიდან იზრდება. ამ პერიოდიდან დღემდე მისი ფასი 16 პროცენტითაა მომატებული.