უკრაინიდან გატანილ „სკვითურ ოქროსთან“ დაკავშირებით უკრაინის ორი და ესპანეთის სამი მოქალაქეა დაკავებული
უკრაინიდან გატანილ „სკვითურ ოქროსთან“ დაკავშირებით უკრაინის ორი და ესპანეთის სამი მოქალაქეა დაკავებული

60 მილიონი ევროს ღირებულების „სკვითური ოქრო“ უკრაინაში ბრუნდება.

უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა, ესპანეთის სამეფოს პოლიციასთან ერთად, საერთაშორისო სპეცოპერაცია ჩაატარეს. ოპერაციის დროს უკრაინის ორი და ესპანეთის სამი მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ 2014-2020 წლებში დაკავებულებმა საბაჟო კონტროლს გვერდის ავლით უკრაინიდან უკანონოდ გაიტანეს მნიშვნელოვანი ოდენობით „სკვითური ოქრო“.

დაკავებული პირებისგან ამოღებულია ოქროს მედალიონი, ოქროს საყურეები, გულსაკიდი, ყელსაბამი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს თანამშრომლებმა, ესპანეთის სამეფოს კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად, ჩაატარეს საგამოძიებო ღონისძიებები საერთაშორისო დანაშაულებრივი ჯგუფის მონაწილეების წინააღმდეგ. სამართალდამცავებმა საქმეში მონაწილე პირების ქმედებები დოკუმენტურად აღნუსხეს: მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები, შემფასებლები, ნოტარიუსები და დანაშაულში მონაწილე შუამავლები.