ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - უნდა ვეცადოთ, საქართველო კიდევ უფრო მჭიდროდ დავაკავშიროთ ევროკავშირთან სხვადასხვა სფეროში
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - უნდა ვეცადოთ, საქართველო კიდევ უფრო მჭიდროდ დავაკავშიროთ ევროკავშირთან სხვადასხვა სფეროში

ჩვენ ვისაუბრეთ, რომ საქართველო ნატო-სთან აგრძელებს არსებულ დიალოგს, თუ ამის იქით კიდევ არის არსებითი შესაძლებლობა საქართველოსა და ნატო-ს დაახლოების, ეს ნატო-ს არსებით გადაწყვეტილებებში უნდა აისახოს, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა აღიქვამს თუ არა გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს უსაფრთხოებას რეგიონულ უსაფრთხოებად და ამ კონტექსტში, საჭიროა თუ არა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარება.

გერმანიის პრეზიდენტმა ევროკავშირში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოსთან კავშირი უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ევროკავშირი საკუთარი თავის გამორკვევისთვის იბრძვის, ბრექსითით არის დაკავებული პოლიტიკურ რეჟიმში და ბრექსითის მერეც  ბევრი საქმე ექნება, რომ საკუთარ რეფორმებს მიხედოს. ამ მდგომარეობაში, ევროკავშირის კონსოლიდაციის ამ ფაზაში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დავიკარგოთ და ევროკავშირისთვის ეს მძიმე ფაზა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კვლავაც გავაგრძელოთ საქართველოსთან კავშირი. ჩვენ არ ვართ ხუთი ან ექვსი წლის წინანდელ მდგომარეობაში. გვაქვს ამასობაში ბაზა, გვაქვს ასოცირების შესახებ შეთანხმება და სტრატეგია, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა წარმოადგინა, შესანიშნავია. ჩვენ ახლა უნდა ვეცადოთ, საქართველო კიდევ უფრო მჭიდროდ დავაკავშიროთ სხვადასხვა სფეროში, ინფრასტრუქტურაში, კულტურაში, ეკონომიკაში და ასე შემდეგ.

რაც შეეხება უსაფრთხოების პოლიტიკას, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ საქართველო ნატო-სთან აგრძელებს არსებულ დიალოგს. ამის იქით თუ არის კიდევ არსებითი შესაძლებლობა საქართველოსა და ნატო-ს დაახლოების, ეს ნატო-ს არსებით გადაწყვეტილებებში უნდა აისახოს“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა ბერლინში, ბელვიუს სასახლეში შედგა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.