France 24 - საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ყოფილმა ფრანგმა დიპლომატმა მოიპოვა
France 24 - საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ყოფილმა ფრანგმა დიპლომატმა მოიპოვა

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება ტელეკომპანია France 24.

მედიასაშუალება პუბლიკაციას აქვეყნებს სათაურით – „საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ყოფილმა ფრანგმა დიპლომატმა მოიპოვა“.

გამოცემა წერს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 98.41 პროცენტის დათვლის შედეგად, ხმათა 59.61 პროცენტი მიიღო. მისმა მოწინააღმდეგე გრიგოლ ვაშაძემ კი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით 11 ოპოზიციური პარტიის კანდიდატია, ხმათა 40.39 მიიღო.

„დასავლური ძალები ყურადღებით აკვირდებიან არჩევნებს, როგორც კავკასიური ერის დემოკრატიულ სიმტკიცეს, რამდენადაც ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ მიისწრაფის“, – წერს France 24.

ფრანგული ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ახალ მეთაურს დიდწილად ცერემონიალური როლი ექნება. „არჩევნები ერთგვარი ტესტია ივანიშვილის პარტიისა და ოპოზიციის დაპირისპირებამდე 2020 წლის მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებში“, – წერს მედიასაშუალება.

„უფლებადამცველი ჯგუფები სახელმწიფო მაღალჩინოსნებს უპრეცედენტო მასშტაბით ხმების მოსყიდვაში ადანაშაულებდნენ. ბრალდებას „ქართული ოცნების“ ლიდერები უარყოფენ – აღნიშნავს გამოცემა სტატიაში.

ორივე კანდიდატი საქართველოს დასავლეთთან დაახლოების პირობას დებდა, თუმცა ანალიტიკოსების თქმით, მათ ამ მიზანთან სხვადასხვა მიდგომა აქვთ“, – აღნიშნავს France 24.

მედიასაშუალება სალომე ზურაბიშვილის წარსულსაც მიმოიხილავს.

„ლტოლვილების ქალიშვილი, რომლებიც საქართველოდან პარიზში 1921 წელს, წითელი არმიის მიერ ქვეყნის ანექსირების შედეგად გაიქცნენ“, – აღნიშნავს მედიასაშუალება.