ფოთში ჯილეხის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია პირველ არხს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.
საქონლის ხორცის დამუშავება და რეალიზაცია კერძო სახლში განხორციელდა.
„სამივე პაციენტმა დროულად მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. დროულად განხორციელდა მათი დახმარება, მყისიერად მოხდა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაც. ინფიცირებულებიდან ერთი ბინაზე, ორი კი სტაციონარში აგრძელებს მკურნალობას და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ეპიდემიოლოგმა ზიზი გაგუამ.
ამასთან, პირველი არხი კომენტარისთვის დაუკავშირდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს. როგორც სააგენტოში განაცხადეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მიღებული შეტყობინებისთანავე, სპეციალისტები გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, აიღეს პათაოლოგიური სინჯები და დასკვნა სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.