ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ფოთში, ნაბადის უბანში მსუბუქი ავტომობილი მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ველოსიპედით მოძრაობდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ ექიმების განცხადებით, ის შეყვანისთანავე გარდაიცვალა. ექიმების შეფასებით, მამაკაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.