ფოტოფესტივალ „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში სამი ფოტოგამოფენა გაიხსნა
თბილისის ისტორიის მუზეუმში ფოტოფესტივალ „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში სამი ფოტოგამოფენა გაიხსნა.
„ვენეციური ამბები“ – ასე ჰქვია ერთ-ერთ გამოფენას, რომელიც ვენეციელი ფოტოდოკუმენტალისტის, გრაციანო არიჩის სხვადახვა დროის ნამუშევრებს მოიცავს. გამოფენა „ვენეციური ამბები“ არიჩის მშობლიურ ქალაქს ეძღვნება და წარმოგვიდგენს ამ ქალაქის ხელოვნებისა და კულტურის სამყაროს.
მეორე გამოფენა სახელწოდებით „კუნძულის ამბები“ ოთხი უცხოელი ფოტოგრაფის თვალით დანახულ ოთხ კუნძულზე განვითარებულ ისტორიას მოგვითხრობს. მათ შორისაა ქეით მელორი. მისი ექსპოზიცია 48 ფოტოსგან შედგება, რომელიც გადაღებულია ინგლისის სანაპიროს შემოგარენში, 50 კმ-ის დაშორებით, კოორდინატთა სისტემის გამოყენებით. ფოტოები 1989-1994 წლებშია გადაღებული – იმ დროს, როდესაც არხის გვირაბს აგებდნენ. ასევე, წარმოდგენილია მარკ რედერის მიერ გადაღებული განვითარების პროცესში მყოფი ესპანეთის კუნძული მალიორკა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტადაა ცნობილი. ფოტოგრაფი ოთხი წლის განმავლობაში ადევნებდა თვალს ლანდშაფტისა და არქიტექტურის მკვეთრ ცვლილებებს და ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ტურისტის მოზღვავებას.
მესამე გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოგრაფ ვიგენ ვართანოვის 70-მდე შავ-თეთრი ფოტონამუშევარი, რომელიც აქამდე არასდროს გამოფენილა. აღნიშნული ფოტოები ხელოვანის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ პირველად, ფოტოფესტივალ „ქოლგას“ ფარგლებში გამოიფინა.
ფოტოფესტივალი „ქოლგა თბილისი ფოტო“ 3 მაისს გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში, თბილისი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი ფოტოები, ისე თანამედროვე ფოტოგრაფიის სხვადასხვა პოზიციის ამსახველი ფოტონამუშევრები. 2019 წელს ფოტოკვირეულის ფორმატი მრავალფეროვანი იქნება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ, როგორც მსოფლიოში სახელგანთქმულ კლასიკური ფოტოხელოვანების ნამუშევრებს, ისე თანამედროვე საერთაშორისო ფოტოხელოვანების ინდივიდუალურ და ჯგუფურ გამოფენებს.