ფოთის პორტში ნატო-ს სამხედრო საზღვაო ჯგუფში შემავალი ქვეყნების გემები შევლენ
ფოთში დღეს ნატო-ს სამხედრო საზღვაო ჯგუფში შემავალი ოთხი ქვეყნის – რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის გემები შევლენ. ნავმისადგომებზე გემების შეყვანის პროცესი უკვე დაიწყო.
სამხედრო გემები ფოთის პორტს 17 მაისს დატოვებენ.
1200-მდე სამხედრო პირის ვიზიტთან დაკავშირებით, ქალაქში ოთხი დღის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება.
ფოთის მერის მოადგილის, გიორგი ფარეშიშვილის განცხადებით, დაგეგმილია დახვედრის საზეიმო ცერემონია, კულტურული ღონისძიებები, შეხვედრები ქალაქის მერთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
„ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ იქნება დადასტურება ნატო-ს მხრიდან საქართველოსთვის ერთგული პარტნიორობის, როგორც ძალიან აქტიური მხარდამჭერის და უსაფრთხოების გარანტის. ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ყველაფერი ფოთში ხდება“, – აღნიშნა გიორგი ფარეშიშვილმა.