ფოთში, ნაბადის უბანში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში სატვირთო ავტომანქანის საბურავი გასკდა, მომხდარის შედეგად ამავე საწარმოში დასაქმებული ორი მამაკაცი დაშავდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით ჯერ სენაკის კლინიკა „არქიმედეში“, მოგვიანებით კი ქუთაისის კლინიკა „უნიქალ მედიში“ გადაიყვანა.
„ერთ- ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე და რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას. მას ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა. მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია და ის კლინიკიდან სავარაუდოდ, დღეს გაეწერება“, – განაცხადა კლინიკა „უნიქალ მედის“ გენერალურმა დირექტორმა, შოთა მარუაშვილმა.