ფოთის მერი - სოხუმის დაცემის დღე ჩვენთვის უდიდესი ტკივილისა და აუნაზღაურებელი დანაკარგის სიმბოლოა
ფოთის მერი - სოხუმის დაცემის დღე ჩვენთვის უდიდესი ტკივილისა და აუნაზღაურებელი დანაკარგის სიმბოლოა

ფოთში, დევნილთა დასახლებაში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას მთავრობის წევრებმა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„სოხუმის დაცემის დღე, 1993 წლის 27 სექტემბერი, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია საქართველოსთვის. ეს დღე ჩვენთვის უდიდესი ტკივილისა და აუნაზღაურებელი დანაკარგის სიმბოლოა. მინდა, კიდევ ერთხელ, ქედი მოვიხარო საქართველოს უახლესი ისტორიის გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გასწირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. დარწმუნებული ვარ, მალე დადგება დღე, როცა საქართველო ერთიანი და ძლიერი იქნება“, – განაცხადა ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ.

დღესვე, საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდი გადაიხდის.

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დაშვებულია დროშები.