ფოთის იზოლატორიდან ქალაქის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები ზუგდიდში გადაჰყავთ
ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები ზუგდიდში გადაჰყავთ. საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და მასთან ერთად დაკავებული სამი პირი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წინაშე სავარაუდოდ, დღეს წარდგებიან.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.