Foreign Policy - პუტინის ახალი უზარმაზარი გაზის პროექტის საფასური დასავლეთმა გადაიხადა
ამერიკული გამოცემა Foreign Policy რუსეთის პროექტის, Arctic LNG 2-ის შესახებ სტატიას აქვეყნებს. პროექტი Arctic LNG 2 ეხება ციმბირში, გიდანის ნახევარკუნძულზე ბუნებრივი აირის მოპოვებასა და თხევადი გაზის წარმოებას.
სტატიის თანახმად, ივლისში, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, რაც ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე პარტნიორებმა უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა აღუთქვეს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქალაქ მურმანსკში უყურებდა მსოფლიოს უდიდეს მცურავ ნაგებობას, რომელიც ციმბირისკენ დაიძრა. 640 ათას-ტონიანი პლატფორმა პროექტის პირველი ნაწილი იყო.
„პლატფორმა, რომელზეც Arctic LNG 2-ის წარმოების ჯაჭვის ე.წ. მატარებელი იყო განლაგებული, დიდწილად აგებული იყო საერთაშორისო ინვესტიციებითა და დასავლური ტექნოლოგიით. ფრანგულმა TotalEnergies-მა 2019 წელს, პროექტის დაწყებისას ამაყად განაცხადა, რომ მისი ინტერესი პროექტში 21,6 პროცენტს შეადგენს, ჩინელ და იაპონელ ინვესტორებთან ერთად (მას შემდეგ TotalEnergies-ში განაცხადეს, რომ პროექტს აღარ დააფინანსებდნენ).
გიდანის ნახევარკუნძულის სიშორე და არქტიკის ცივი ზამთარი ნიშნავდა, რომ Arctic LNG-2-ს მსოფლიოს საუკეთესო ინჟინრები და მოწინავე ტექნოლოგიები სჭირდებოდა გაზის მიწიდან ამოსაღებად, სითხედ გარდასაქმნელად და ტანკერებზე ჩასატვირთად. ტურბინები პროექტისთვის ამერიკულმა ფირმამ, Baker Hughes-მა წარადგინა. გერმანიაში დაფუძნებულმა Linde-მ პროექტს თბომცვლელები მიაწოდა, რომლებიც გაზის გასაციებლად არის საჭირო, ხოლო ბრიტანულმა Hill & Smith-მა – კრიოგენური მილები“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის მიხედვით, იტალიურმა Saipem-მა გადამწყვეტი როლი შეასრულა კოორდინაციასა და ელექტროსადენების მიწოდებაში.
„ევროკავშირმა რუსეთში თხევადი გაზისთვის საჭირო აღჭურვილობის ექსპორტი აპრილში აკრძალა. მიუხედავად ამისა, პროექტის პირველი ეტაპისთვის საჭირო ტვირთები ქვეყანაში დროულად ჩავიდა, რომლის თაობაზეც ვლადიმერ პუტინმა მურმანსკში განაცხადა“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ გასული ცხრა თვის განმავლობაში დასავლური კომპანიების პროექტში ჩართულობასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული მონაცემების კოლექტივმა არაერთ მედიასაშუალებას მიაწოდა მტკიცებულებები.
სტატიის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ Arctic LNG 2 მუშაობს ევროპიდან და აშშ-დან მიღებული აღჭურვილობის მეშვეობით, აღნიშნული აღჭურვილობა კი, რუსეთში უკრაინაში ომის მიმდინარეობის დროს ჩადიოდა.
სტატიის ავტორი წერს, რომ ტვირთები ქვეყანაში მას შემდეგაც ჩადიოდა, რაც ევროკავშირმა ექსპორტზე სანქციების დაწესების თაობაზე განაცხადა და ეს სანქციების ძალაში შესვლამდე გრძელდებოდა.
სტატიაში მოყვანილია რუსეთის საბაჟოს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, Arctic LNG 2-ის მშენებელმა კომპანიამ ევროპიდან 400 მილიონი დოლარის საფასურის აღჭურვილობის შეტანა შეძლო.
„ევროკავშირის სანქციები უფრო ადრე რომ შესულიყო ძალაში ან დასავლურ კომპანიებს კონტრაქტების დაუყოვნებლივ გაწყვეტის ვალდებულება ჰქონოდათ, წარმოუდგენელია, რომ რუსეთის პროექტის პირველი ნაწილი ამუშავდებოდა. სანაცვლოდ, ნაწილების თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოტანა ძვირადღირებული და დროში უფრო გაწელილი იქნება, თუმცა მომუშავე პირველი ეტაპი ამ ხარჯებს დააბალანსებს“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორის შეფასებით, ეს კვლავ ადასტურებს, რომ რუსეთის სტრატეგიული პროექტები უნდა გახდეს ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტის სამიზნე.