„ფორბსი“ - გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სხდომის გამართვა საქართველოს წარმოაჩენს დასავლური ორიენტაციის ქვეყანად, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირისკენ მიისწრაფვის
„ფორბსი“ - გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სხდომის გამართვა საქართველოს წარმოაჩენს დასავლური ორიენტაციის ქვეყანად, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირისკენ მიისწრაფვის

პანდემიის მიუხედავად, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სხდომა საქართველოში გაიმართა, – ასეთი სათაურით გამოქვეყნდა ჟურნალ „ფორბსის“ ვებგვერდზე კენეტ რაპოზას სტატია.

როგორც ავტორი წერს, შავიზღვისპირეთში, კავკასიის ქედებს შორის მოქცეულმა საქართველომ ახლახან, 15-17 სექტემბერს, უმასპინძლა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციას, რომელიც ჩატარდა COVID-19-თან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვით. ეს გახლდათ ორგანიზაციის პირველი არავირტუალური ღონისძიება პანდემიის პირობებში. ორი კვირის წინ გაერო-ს გენერალური ასამბლეას სესია პირველად გაიმართა ვირტუალურ რეჟიმში. შესაბამისად, საქართველოს შერჩევა არა ვირტუალური, პირისპირ შეხვედრის ჩასატარებლად ორი მიზეზითაა საინტერესო.

მოდით, ჯერ პირველზე შევჩერდეთ. ეს იყო გაერო-ს პირველი მასშტაბური შეხვედრა საზღვარგარეთ. ამ დრომდე საქართველო კარგად მართავდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებს, სწრაფი ნაბიჯების გადადგმით, მკაფიო რეკომენდაციებისა და ტესტირების უზრუნველყოფით, თუმცა, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, ამ პატარა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 3,7 მილიონს შეადგენს, დღეს შეიმჩნევა ინფიცირების შემთხვევათა მცირე ზრდა. თუმცა, როგორც ჩანს, საქართველო სიტუაციას აკონტროლებს. 7 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულ შემთხვევათა ჯამური რაოდენობა დაახლოებით 10 000 იყო. გარდაიცვალა 63 ადამიანი. ესპანეთის საზღვრებს გარეთ პირველი ყოველწლიური კონფერენციის ჩატარებით, გაერო-მ გააჟღერა გზავნილი, ის არ დაუშვებს, რომ პანდემიამ ცხოვრება შეაჩეროს.

მეორე – ეს ღონისძიება წარმოაჩენს საქართველოს, როგორც დასავლური ორიენტაციის ქვეყანას, რომელიც  ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფის და რომელიც ცდილობს, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას. თბილისსა და ვაშინგტონს შორის კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, საქართველო არის ისტორიული აბრეშუმის გზის ნაწილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. რაც შეეხება ტურიზმის ინდუსტრიას, მხოლოდ 2019 წელს საქართველომ უმასპინძლა 9.4 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს.

გლობალური ტურიზმის პროგნოზები

როგორც ხსენებულ ღონისძიებაზე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, „დღეს შესაძლებელია, უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით მოგზაურობა მსოფლიოს ბევრ კუთხეში. მნიშვნელოვანია, მთავრობებმა მჭიდროდ ითანამშრომლონ კერძო სექტორთან, რათა გლობალური ტურიზმი ისევ ამოქმედდეს“.

მიუხედავად ამისა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მოგზაურობა მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვნად დაეცა პანდემიასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. ივნისში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ, 2019 წლის იმავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით, 93%-ით იკლო. თბილისის კონფერენციაზე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გაცხადებული მონაცემებით, პანდემიამ ძალიან უარყოფითად იმოქმედა ამ სექტორზე. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მსოფლიო ტურიზმის ბარომეტრის ბოლო მონაცემებით, 2020 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ 65%-ით იკლო.

რაც შეეხება საქართველოს, ტურიზმი შეადგენს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8.1%-ს. პალმებით სავსე ზღვისპირა ბათუმი წარმოადგენს გლობალური მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმატების ისტორიას უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. აქ „შერატონის“ და „ჰილტონის“ სასტუმროების ნომრების ფასები დღე-ღამეში 300 დოლარს აღემატება. ეს არის დიდი ფული პატარა ქვეყნისთვის, რაც არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომ ჩაატარა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ თავისი შეხვედრა საქართველოს მსგავს ადგილას – რათა ხაზი გაუსვას ტურიზმს, როგორც გლობალური ვაჭრობის მამოძრავებელ ძალას.

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სესია დაიხურა და ამ დრომდე არაფერი ისმის დაინფიცირებული დიპლომატებისა ან თარჯიმნების შესახებ. ეს არის ბიზნესსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის, გონივრული ზრუნვისა და სტრატეგიების თანაარსებობის კარგი მაგალითი.

საქართველოს ეკონომიკის წინა ხაზზე

საქართველო, თავისი მთებისა და შავიზღვისპირა პლაჟების წყალობით, იქცევა მსოფლიო დონის ტურისტულ ცენტრად. გურმანები მთელ მსოფლიოში კარგად იცნობენ ადგილობრივ სამზარეულოს, ხოლო ქვეყნის მეღვინეობის ისტორია ათასწლეულებს ითვლის. საქართველო არ არის აქციების ინდივიდუალური ბროკერების ბაზარი. ეს ბაზარი განკუთვნილია ფასიანი ქაღალდების სფეროს წამყვანი ინსტიტუტებისთვის, უფრო კონკრეტულად კი – კორპორატიული ინვესტორებისთვის. კორპორატიული ინვესტორების შემოსვლასთან ერთად, საქართველო უფრო მომხიბვლელი ხდება ფასიანი ქაღალდების გლობალური ბაზრის თვალსაზრისით, რადგან უოლ-სტრიტი ხედავს, რომ ისინი აქ შემოდიან და რეალურ ფულს აკეთებენ.

შავიზღვისპირა პორტების ლოგისტიკური განვითარება, დიდი ალბათობით, საქართველოში ინვესტიციების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, – აცხადებს ჯარედ გატრი, Commonwealth Frontier Advisors-ის თანამფლობელი და დირექტორი.

მისი კომპანია საქართველოში მზარდი საინვესტიციო პორტფელით გამოირჩევა. „ამ პორტების წყალობით, იზრდება საქართველოს წვდომა გლობალურ ეკონომიკაზე და ქვეყანა იქცევა კარიბჭედ ევრაზიის გულში განლაგებული, ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყნისთვის, – ამბობს გატრი, – ეს პორტები ცხადყოფს საქართველოს მზარდ ეკონომიკურ და ბიზნესგარემოს“.

მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსის მიხედვით საქართველო მე-7 ადგილზეა. ეს ინდექსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა, განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან ეს არის ყველაზე სწრაფი გზა კორპორატიული ინვესტორების მოსაზიდად. გასაოცარია, მაგრამ ამ ინდექსით საქართველო მხოლოდ ერთი ადგილით ჩამორჩება აშშ-ს, რომელიც მეექსვე ადგილს იკავებს.

Heritage Foundation-ის თავისუფლების ინდექსში კი საქართველო მე-12 ადგილზეა და, რაოდენ გასაკვირი უნდა იყოს, უსწრებს ევროპულ სახელმწიფოთა უმრავლესობას, აშშ-ს (მე-17 ადგილი) და, მითუმეტეს, ჩინეთს (103-ე ადგილი).

დასაქმებულებს, მათ შორის საჯარო მოხელეებს, შეუძლიათ დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბება და ერთობლივად კანონიერი გაფიცვების მოწყობა და შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება. ქვეყნას, ჩინეთისგან განსხვავებით, რატიფიცირებული აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის არაერთი კონვენცია დასაქმებულთა უფლებების შესახებ.

Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 44-ე ადგილზეა მსოფლიოს 198 ქვეყანას შორის: უსწრებს BRICS-ის ქვეყნებს (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) და მექსიკას და უტოლდება ისეთ მეტ-ნაკლებად უპრობლემო გარემოს მქონე ქვეყნებს, როგორიცაა ჩეხეთი და ლატვია (ორივე 44-ე ადგილზე).

საქართველოს აქვს პრეფერენციული ვაჭრობის შეთანხმება 32 ქვეყანასთან, აშშ-ის ჩათვლით, თუმცა დღეს ამ უკანასკნელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება სურს. ამჟამად, პრეფერენციების ზოგადი სისტემის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს შეუძლია რიგი პროდუქტების შეტანა ამერიკის შეერთებულ შტატებში საბაჟო გადასახადების გარეშე. აშშ-ს აქვს ჯანსაღი პოზიტიური სავაჭრო ბალანსი საქართველოსთან.

გარდა ამისა, საქართველოს გაფორმებული აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან. უცხოელ ინვესტორებს მონაწილეობა აქვთ მიღებული სახელმწიფოს კუთვნილი ქონების პრივატიზაციების უმრავლესობაში. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ, რომელსაც საქართველოში საქმიანობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში უკვე განახორციელა ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციები.

სასტუმროები, საავადმყოფოები, პორტის ტერმინალები, საბანკო სექტორი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შეადგენს ქვეყანაში ხსენებული კორპორაციის საინვესტიციო პორტფელის დიდ ნაწილს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან ახლახან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ კორპორაციის პრეზიდენტმა, ადამ ბოილერმა გამოხატა ინტერესი საქართველოში კომპანიის რეგიონული ოფისის გახსნასთან დაკავშირებით, რომლის საქმიანობაც მოიცავს ქვეყნებს შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე.

საქართველო და ჩინეთის ახალი აბრეშუმის გზა

ჩინეთისთვის საქართველო წარმოადგენს შავი ზღვის გავლით ევროპისკენ მიმავალ მარშრუტს. ჩინეთი უკვე აკონტროლებს რამდენიმე პორტს მეზობელ თურქეთში, თუმცა საქართველოს საპორტო პროექტებში ინვესტიციები ჯერ არ განუხორციელებია.

2015 წელს ჩინეთის საოკეანო გადაზიდვების კომპანიამ და სატრანსპორტო კომპანიამ China Merchants Holdings განახორციელა 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია თურქეთის საპორტო ტერმინალში (კუმპორტი) მარმარილოს ზღვის ევროპულ ნაწილში, რომელიც შეემატა ჩინეთის 42 უცხოური პორტების რიცხვს. ჩინელებმა „ალყა“ შემოარტყეს ხმელთაშუა ზღვას, მათ შორის პირეოსის (საბერძნეთი) აქციების საკონტროლო პაკეტის, გენუისა და მარსელის პორტების აქციების დიდი ნაწილი ხელში ჩაგდების გზით.

„ისინი ინვესტიციებს ახორციელებენ საპორტო ლოგისტიკაში არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, – აცხადებს ვირჯინიის რედფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ნოზარ ჰაშემზადე, – ისინი ყიდულობენ პორტებს ან მათი აქციების საკონტროლო პაკეტებს ყველგან, სადაც კი მიუწვდებათ ხელი“.

პანდემიის გამო, შეჩერდა დიდი ინფრასტრუქტურული გარიგებების მნიშვნელოვანი ნაწილი. შავი ზღვის პროექტების უსაფრთხოება აშკარაა. ზოგიერთი მსხვილი პროექტი ჩავარდა. საქართველოს ანაკლიის პროექტმა ჩინეთის „ერთი სარტყლის – ერთი გზის“ გაყოლებაზე ტვირთის აუცილებელი მოცულობის უზრუნველყოფა ვერ შეძლო, რაც დაფინანსების მოპოვების მიღების შესაძლებლობას შექმნიდა, და შეჩერდა.

ქვეყანაში უკვე არსებობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გარკვეული რაოდენობა და არსებობს იმედი, რომ საქართველო იქცევა მონაცემთა გლობალური ტრანზიტის ცენტრად, რომელიც ახალი მარშრუტებით ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპას, აზიას და შუა აღმოსავლეთს.

2019 წლის აგვისტოში „კავკასუს ონლაინმა“ (ერთ-ერთი უმსხვილესი ტელეკომუნიკაციების კომპანია, რომლის დაახლოებით 1 000 კილომეტრის სიგრძის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენები აკავშირებს რეგიონს ევროკავშირთან), ხელისუფლების წინასწარი თანხმობის გარეშე, მიჰყიდა თავისი აქციების 49% აზერბაიჯანულ კომპანიას. შემდეგ ეს შეთანხმება ჩავარდა, რადგან საქართველოს სურს „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს გავლით ერთმანეთთან დააკავშირებს ევრაზიის უმსხვილეს ბაზრებს. საქართველოს მიზნებშია თავისი სტრატეგიული წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების გამოყენება ევროპასა და შუა აღმოსავლეთს შორის დერეფნის შესაქმნელად, რათა სამხრეთ კავკასია გახდეს მონაცემთა უსაფრთხო და სანდო მატარებელი.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ოქტომბრის ბოლოს „თავისუფალი და სამართლიანი“ არჩევნების ჩატარება წარმოადგენს კიდევ ერთ „შესაძლებლობას“ ქვეყნისთვის.

აუცილებელია ქვეყნის მდებარეობის გამოყენება, ეკონომიკური რეფორმების და ინვესტორთათვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნება და უცხოელი ინვესტორების მოზიდვა არა მხოლოდ ტურიზმში, არამედ სხვა სექტორებშიც, როგორც ეს ხაზგასმით აღნიშნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ.

„საქართველომ მიაღწია ეკონომიკურ წარმატებას, – ამბობს ევროპის სტრატეგიული ანალიზის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, იანუშ ბუგაისკი, – ისინი ცდილობენ, აქციონ ქვეყანა კავკასიის ირლანდიად“.