ფონიჭალაში, გამსახურდიას ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველების მიერ 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული.
როგორც ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა, საგამოძიებო მოქმედებები, თბილისის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს.
ამასთან, თეიმურაზ კუპატაძის თქმით, დაკავებულთა რაოდენობა დღის განმავლობაში კიდევ გაიზრდება.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, რომლებთანაც წინასწარ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რაც ასახულია აუდიო-ვიდეოჩანაწერებით და გამოყენებული იქნება მტკიცებულების სახით. ღონისძიება გრძელდება დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში და დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.