ფონიჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რომლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ბრალდებული მძღოლი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფონიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პირი – 1995 წელს დაბადებული პ.გ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისას შეეჯახა გზის გვერდულზე გაჩერებულ ავტომობილს და ქვეითად მოსიარულე შვიდ პირს: 1996 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, 2016 წელს დაბადებულ ე.ა.-ს, 1974 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, 1991 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, 2009 წელს დაბადებულ ე.ა.-ს, 2013 წელს დაბადებულ რ.ა.-ს და 2016 წელს დაბადებულ ა.მ.-ს. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, პ.გ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ისინი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
მიყენებული ტრავმების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ ე.მ. და ე.ა., ხოლო საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ – ა.მ. და მ.მ“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენა მალევე შეძლეს და იგი ფონიჭალის ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლითა და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ექვსიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფონიჭალაში ავტოავარია გუშინ ღამით მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაიღუპა.