ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით წელს კულტურული მემკვიდრეობის 100-მდე ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ კულტურის სფეროში ქველმოქმედების სახით მილიარდ ლარამდე აქვს გაღებული, მხოლოდ მიმდინარე წელს, ძეგლთა დაცვის მიმართულებით „ქართუს“ საქველმოქმედო დაფინანსება 20 მილიონ ლარს აჭარბებს, რომლის ფარგლებშიც, 100-მდე ძეგლზე სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს – ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე ითქვა.
ვარძიაში გამართულ პრეზენტაციაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთიძემ საზოგადოებას 2019 წელს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები წარუდგინა.
ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ფონდს საქართველოს მასშტაბით აღდგენილი აქვს რვაასზე მეტი ისტორიული კულტურული ძეგლი.
„წელს გვაქვს ძალიან ინტენსიური პროგრამა, 98 ძეგლის აღდგენას ვაპირებთ, ამისთვის გამოყოფილია 21 მილიონი ლარი. თუ საჭიროება დადგა და პანდემიური სიტუაცია შესაძლებლობას მოგვცემს, ეს ბიუჯეტი გაიზრდება. ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ წლევანდელ გეგმას და ვაპირებთ, კვლავაც მხარში დავუდგეთ სახელმწიფოს და დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
მასშტაბურ პროექტებს შორის, ნიკოლოზ ჩხეტიანი აწყურის ტაძრის აღდგენას ასახელებს, რომლის დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2019 წელს ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით, კულტურული მემკვიდრეობის 75 ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდა.
სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მოვლის პროცესში სახელმწიფოს მთავარ პარტნიორს – ფონდ „ქართუს“, რომლის დაფინანსების წილი სახელმწიფოს დაფინანსების წილს აღემატება.
ქართული კულტურის მიმართულებით სხვადასხვა პროექტებს „ფონდი ქართუ“ უკვე ოცი წელია მუდმივად აფინანსებს, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას, მათ აღდგენა-რესტავრაციასა და მოვლა-პატრონობას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაციაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმაც მიიღო მონაწილეობა.
პრეზენტაციას ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი, ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაცია პარტია „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.