ფლორიდის ქალაქ ორლანდოში, 35 წლის გარი უეინ ლინდსმა ოთხი მცირეწლოვანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათის შემდეგ მან ბავშვები დახოცა, ხოლო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
ლინდსმა ბავშვები მძევლად გუშინ აიყვანა. ადგილზე მისულ პოლიციას კი ცეცხლი გაუხსნა. ერთ-ერთი ოფიცერი ორმხრივ სროლაში მძიმედ დაშავდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
NBC-ს ინფორმაციით, პოლიციელები ცდილობდნენ, თავდამსხმელი დაერწმუნებინათ, რომ ბავშვები სახლიდან უვნებლად გაეშვა. რამდენიმე საათის შემდეგ სამართალდამცავებმა მძევლების გასათავისუფლებლად ოპერაცია დაიწყეს. მათ სახლში ხუთი ადამიანის ცხედარი დახვდათ. თავად გარი უეინ ლინდსი ტანსაცმლის კარადაში იპოვეს. მან თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა. ბავშვებს შორის ყველაზე პატარა ერთი წლის იყო, უფროსი -11 წლის.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, დაღუპული ბავშვებიდან ორი თავად ლინდსის შვილები იყვნენ. ლინდსი წარსულში ოჯახის წევრებზე ძალადობის, ძარცვისა და ხანძრის განზრახ გაჩენისთვის იხდიდა სასჯელს.