ამერიკელმა მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ მზად არის კონტრაქტი გააფორმოს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატთან (UFC). ამის შესახებ წერს Boxingscene.
პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი მოკრივის თქმით, მან გადაწყვიტა შერეული ორთაბრძოლების (MMA) მებრძოლი გახდეს.
“მზად ვარ დავბრუნდე და ხელი მოვაწერო კონტრაქტს UFC-სთან. შემიძლია ოქტაგონზე სამი ან ოთხი ბრძოლა ჩავატარო და მილიარდი დოლარი გამოვიმუშაო. მე ხომ ფლოიდ “ფული” მეივეზერი ვარ”, – განაცხადა მეივეზერმა.
მეივეზერმა თავისი ბოლო ორთაბრძოლა კრივში 2017 წლის აგვისტოში ჩაატარა, როცა კრივის წესებით ჩხუბში UFC-ის ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი დაამარცხა და ჯამში, 300 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.