ნურმაგომედოვი მეივეზერის წინააღმდეგ
ნურმაგომედოვი მეივეზერის წინააღმდეგ

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის UFC – ის ჩემპიონი, დაღესტნელი მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი რინგზე ლეგენდარულ მოკრივეს, ფლოიდ მეივეზერს შეხვდება.

დაღესტენლი სპორტსმენის მენეჯერმა, ალი აბდელ-აზიზმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ დაწერა, რომ ნურმაგომედოვი დაუმარცხებელ ჩემპიონს, ფლოიდ მეივეზერს დაუპირისპირდება, ბრძოლა კი საუდის არაბეთში გაიმართება.

„მათი შეხვედრა ადრევე იგეგმებოდა, მაგრამ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მამამ, დანა უაიტმა მეივეზერი აიძულა, რომ მოლაპარაკება დროებით საიდუმლოდ შეენახათ. ჩვენ სამმა კი ყველაფერი ვიცით.

სიმართლე გითხრათ, ძალიან მიხარია ფლოიდისა და უაიტის ნახვა. მეივეზერმა მოახერხა შესანიშნავი პრომოუტერი ჰყოლოდა. მეივეზერი ეპოქის უდიდესი მოკრივეა, უაიტი – უდიდესი პრომოუტერი. ისინი ერთად დიდებულ საქმეებს გააკეთებენ. მათ დამსახურებულ პატივს მივაგებ, მაგრამ ხაბიბი ფლოიდს კვირის ნებისმიერ დღეს ცემს“, – განაცხადა ალი აბდელ-აზიზმა.

საინტერესოა, რომ ორივე სპორტსმენი რინგზე ჯერჯერობით დაუმარცხებელია. დაღესტნელმა 28 ბრძოლა გამართა და 28 გამარჯვება იზეიმა. ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ კი რინგზე 50 ბრძოლა ჩაატარა და ორმოცდაათივე ტრიუმფით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ფლოიდ მეივეზერმა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ყველაზე პოპულარული სპორტსმენი, კონორ მაკგრეგორი უკვე დაამარცხა. ამ ორთაბრძოლამ მთელ მსოფლიოში უდიდესი ინტერესი გამოიწვია.

კონორ მაკგრეგორი დამარცხებული ჰყავს ხაბიბ ნურმაგომედოვსაც.