პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერი განაახლებს კარიერას, ოღონდ სპორტის სახეობას შეიცვლის. უახლოეს ხანში 41 წლის ამერიკელი შეუდგება ვარჯიშს შერეულ ორთაბრძოლებში. მას დაეხმარება ნახევრადსაშუალო წონაში UFC-ის ჩემპიონი ტაირონ ვუდლი.
„ძალიან მალე დავიწყებთ. ერთმანეთს ბევრს ვწერდით. რამდენჯერმე ვისაუბრეთ. ყველაფერი ძალიან მალე დაიწყება. შესაძლოა, სამ თვეზე მეტი დამჭირდეს, მაგრამ 6-8 თვემდეც რომ გაიწელოს პროცესი, მთავარია – სწორად მოვემზადო. შემიძლია ორთაბრძოლების წესებით ჩხუბი. არც ისე ცუდად გამომდის. 10-ბალიანი სისტემით, საკუთარ თავს “შვიდიანს” დავუწერდი. ვფიქრობ, შემიძლია ცხრამდე ასვლა. რა თქმა უნდა, ხელებით ჩემი მოქმედება 100 ბალს იმსახურებს.
რაც შეეხება ფეხებით დარტყმებს, აქ ოთხ ბალამდე ავდივარ. ეს კომპონენტი უნდა გავაუმჯობესო. რა თქმა უნდა, კარგ თანხას შემოგვთავაზებენ და ყველაფრის ორგანიზებას ჩვენ გავაკეთებთ. ტაირონ ვუდლი – დაუჯერებელი მებრძოლია. კონორიც ასეთივეა. MMA-ში ბევრი ძლიერი ბიჭია. არ მაქვს უფლება მათ ზემოდან ვუყურო ან მათ მიმართ უპატივცემულობა გამოვიჩინო”, – განუცხადა TMZ Sports-ს ფლოიდ მეივეზერმა.
2017 წლის აგვისტოში, სპორტიდან წასული ფლოიდი რინგზე დაბრუნდა და კრივის წესებით ბრძოლაში დაამარცხა MMA-ის ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი. ამის შემდეგ, გაჩნდა ჭორები MMA-ის წესებით რევანშზე.