ფლოიდ მეივეზერი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის იაპონელ კიკბოქსერ ტენშინ ნასუკავასთან ბრძოლაზე შეთანხმდა, სიმართლეს არ შეესაბამება და რომ ასეთი სპორტსმენის არსებობის შესახებ მან მხოლოდ რამდენიმე დღის წინ შეიტყო. 41 წლის ამერიკელი მოკრივის თქმით, მას მხოლოდ ის შესთავაზეს, რომ „მდიდარი მაყურებლებისთვის“ დაგეგმილ საჩვენებელ ბრძოლაში მიეღო მონაწილეობა და რომ ეს ბრძოლა ტელევიზიით არ გადაიცემოდა.
„გარწმუნებთ, რომ თავადაც გაკვირვებული დავრჩი იმ ქმედებებით, რომლებიც ჩემი თანხმობის გარეშე ხორციელდებოდა და თუ ვინმე ამის გამო დავაღალატე, გულწრფელად ვიხდი ბოდიშს“, – განაცხადა მეივეზერმა, – „პირველ რიგში, მე, ფლოიდ მეივეზერს, არასდროს განმიცხადებია თანხმობა, რომ შევხვედროდი ტენშინ ნასუკავას. მიუხედავად დიდი პატივისცემისა, უნდა ვაღიარო ისიც, რომ მისი არსებობის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ, იაპონიაში ვიზიტისას შევიტყვე. მე მხოლოდ ის მთხოვეს, რომ ერთ-ერთი საბრძოლო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საჩვენებელ ბრძოლაში მიმეღო მონაწილეობა“.
დაუმარცხებელმა ამერიკელმა მოკრივემ გამარჯვებების სერია 50-მდე გასული წლის აგვისტოში გაზარდა, როდესაც კონორ მაკგრეგორი დაამარცხა და ამაში 300 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო.
რაც შეეხება ტენშინ ნასუკავას, ეს არის 20 წლის კიკბოქსერი, რომელსაც 27 ბრძოლა აქვს ჩატარებული და არც ერთხელ არ დამარცხებულა.