ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში მოქმედი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი შპს-ს მენეჯერმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, კომპანიის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, დადგენილი წესების დარღვევით, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა 1500 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 800 ლარი.
„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.