ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ ეტაპზე მხოლოდ მცირე ტექნიკური ცვლილებები შეიტანა
ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ ეტაპზე მხოლოდ მცირე ტექნიკური ცვლილებები შეიტანა

ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ ეტაპზე მხოლოდ მცირე ტექნიკური ცვლილებები შეიტანა. ამის შესახებ უწყების ოფიციალურ საიტზე დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული.

„ამჟამად, საქართველოში იმყოფება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს მიმდინარე წლის ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების, მათ შორის, შემოსავლების შესრულების ანალიზს, შესაბამისად, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად ჩაითვალა ბიუჯეტის პროექტის შემდგომი შინაარსობრივი განახლება განხორციელდეს ბიუჯეტის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის მესამე წარდგენისას, საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადაში, არაუგვიანეს 30 ნოემბრისა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მეორე წარდგენისთვის მომზადებული წინამდებარე პროექტი არსებითად არ განსხვავდება პირველი ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პირველადი პროექტისგან და ითვალისწინებს მხოლოდ მცირე ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს, ასევე ასახავს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ახლახანს განხორციელებულ ცვლილებებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

საბიუჯეტო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტს ქვეყნის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ხელმეორედ წარედგინება არაუგვიანეს 5 ნოემბრისა.

ბიუჯეტის პროექტით 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების საპროგნოზო მოცულობა 14,211 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 900 მილიონით მეტია. ხარჯების გაზრდა როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით არის დაგეგმილი.