ფინანსთა სამინისტრო წელს 800 მლნ ლარის დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას გეგმავს
დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება ეკონომიკურ ზრდას ასტიმულირებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომელიც დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით წარდგა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
მინისტრმა საგადასახადო სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და მათ შორის დღგ-ს (დამატებული ღირებულების გადასახადი) ზედმეტობის დაბრუნების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
„დღგ-ს დაბრუნების რეფორმა ეს არ არის ბიზნესისთვის მხოლოდ თანხის დაბრუნება და თავის მოწონება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 0,3 -0,5 პროცენტის ფარგლებში ეკონომიკურ ზრდას ასტიმულირებს. რთულია ზუსტად დათვალო, მაგრამ 600 მილიონს რომ აბრუნებ, ეს ერთმნიშვნელოვნად არის სტიმული. წელს გვინდა, 800 მილიონზე მეტი დავაბრუნოთ. თუ ყველაფერი კარგად, ამ ტემპებით წავიდა, გვინდა, მეტი დავაბრუნოთ აუცილებლად. რაც ზედმეტი დღგ იქნება გადახდილი 2020 წელს, აუცილებლად დავაბრუნებთ“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ამ მხრივ ფინანსთა სამინისტრო ძველი ვალდებულებების შემცირებასაც გეგმავს.
„გვინდა, ძველი ვალდებულებების შემცირებაც დავიწყოთ, რადგან არ არის სწორი ბიზნესისგან ისესხო ფული, ბიზნესისგან გადასახადი უნდა აკრიფო. როდესაც ვამბობთ, რომ ე.წ. ხვრელებს ვკეტავთ, ადმინისტრირებას ვაუმჯობესებთ, ჩვენ ვამბობთ, რომ გადასახადის მაქსიმალურად მობილიზება გავაკეთოთ, ჩრდილოვანი ეკონომიკა გავათეთროთ, მაგრამ გათეთრებულის პირობებში, ვალი არ დავიტოვოთ, დავუბრუნოთ ბიზნესს. მახსოვს ბევრი ე.წ. ხვრელი გამოჩნდა და ა.შ. 600 მილიონი დავაბრუნეთ, მიმდინარე წელს შეიძლება, მილიარდი დავაბრუნოთ, 800 მილიონი. ყველა საუბარი, რომ ჩვენ გზას გადავუხვიეთ ან სახელმწიფო ნაკლებად ორიენტირებულია ბიზნესგარემოზე, მართებული არ არის და ამას ციფრები ადასტურებენ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში.