ფინანსთა მინისტრი - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთავარ გამოწვევად რჩება
ჩვენ მთავარ გამოწვევად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი რჩება და ალბათ, რამდენიმე წელი კიდევ დარჩება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში, სესიაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.
მინისტრის თქმით, მიუხედავად ამისა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტთან დაკავშირებით ტენდენციები საინტერესოა.
„პრაქტიკულად ორნიშნა მაჩვენებლიდან 8-9 პროცენტის ფარგლებში ჩამოვედით. ვიმედოვნებ, მომავალ წლებში ნელა, მაგრამ ასევე გაგრძელდება შემცირების ტენდენცია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი განმარტებით, უმეტეს ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ფინანსდება ვალით, საქართველოს შემთხვევაში კი, ფინანსდება ძირითადად პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით
„ასევე საინტერესოა, რომ ადგილობრივი ინვესტიციების წყაროში ძალიან მნიშვნელოვნად მატულობს ადგილობრივი დანაზოგების პროცენტული მაჩვენებელი და ესეც ეკონომიკის გამაჯანსაღებელ ტენდენციაზე მიუთითებს. შორს ვარ აზრისგან, რომ ჩვენ ეკონომიკაში ყველაფერი კარგად არის ან ახლოს ვართ სასურველ შედეგთან, მაგრამ ტენდენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუცილებელია მათ გავუფრთხილდეთ, დავაჩქაროთ და წავიდეთ კიდევ უფრო შორს“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება იზრდება.
„2019 წელს კაპიტალური პროექტების დასაფინანსებლად 3,7 მლრდ ლარზე მეტია გათვალისწინებული. 2017-2022 წლებში საშუალოდ მშპ-ს 8 პროცენტი მიემართება კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად და ჯამში, ამ პერიოდში 25 მლრდ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მინისტრის განცხადებით, ამავდროულად, სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის შესაბამისად, მცირდება საბიუჯეტო დეფიციტი, რომელიც მიმდინარე წელს დაგეგმილი იყო მშპ-ს 2,8 პროცენტზე, თუმცა განახლებული პროგნოზით დეფიციტი წელს 2,3 პროცენტის ფარგლებში იქნება,
„2019 წლის ბიუჯეტში კი, აღნიშნული მაჩვენებელი დაგეგმილი გვაქვს 2,6 პროცენტზე, რომელიც შემდგომ წლებში შენარჩუნდება 2,5 პროცენტის მაჩვენებელზე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლების განმავლობაში იზრდება მთავრობის დანაზოგები, რაც პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკის ნაწილია.